აქცია (ფრანგ. action<ლათ. action – განკარგვა, ნებართვა, პრეტენზია), სააქციო საზოგადოების კაპიტალში მონაწილეობის უფლება; აქციონერთა ფასიანი ქაღალდი; საკუთრების მოწმობა. სააქციო საზ-ბაში ა. გამოხატავს აქციონერთა იმ უფლებამოსილებას, რ-იც მათ ეძლევათ თავიანთი ავანსირებული კაპიტალის სანაცვლოდ. აქციონერს აქვს საზ-ბის მართვაში მონაწილეობისა და დივიდენდის მიღების უფლება. ა., როგორც საკუთრების ობიექტი, იურიდ. კატეგორიაა, რადგანაც იგი საკუთრების განკარგვისა და შემოსავლის განაწილებაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთია და არა საკუთრების ფიზ. ფლობის მოწმობა. ა-ს აღრიცხავენ როგორც მოძრავ, მაგრამ არანივთობრივ ქონებას. იგი იყიდება საბაზრო ღირებულებით (ფასით). გარდა საბაზრო ფასისა, მას აქვს ნომინალური და საბალანსო ღირებულებაც. საბაზრო ფასი ყალიბდება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ურთიერთობის შედეგად ა-ისგან მიღებული შემოსავლის კაპიტალიზაციის ბაზაზე. საბაზრო ფასი უპირატესად დამოკიდებულია დივიდენტის განაკვეთსა და სასესხო პროცენტის განაკვეთს შორის თანაფარდობაზე. აქციების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საფონდო ბირჟებზე, სასაქონლო ბირჟების საფონდო განყ-ბებში, ბანკებსა და საბროკერო კანტორებში.
არსებობს ა-ების მრავალნაირი კლასიფიკაცია. მათი განკარგვის ხასიათისგან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებულია შეძენილი (ინდივიდ. ინვესტორების), გამოშვებული (კომპანია ემიტენტის), სახელობითი და უსახელო ა-ები. სააქციო საზ-ბის მართვაში მონაწილეობისა და შემოსავლის მიხედვით განასხვავებენ პრივილეგიურ და ჩვეულებრივ ა-ებს.
ა. ფიზიკურად არსებობს დაცული ფასიანი ქაღალდისა და საბუხჰალტრო წიგნში ჩანაწერის სახით, აგრეთვე როგორც სპეც, სერტიფიკატების, ასევე ელექტრონული ჩანაწერების ფორმით და ა. შ. საქართველოში უპირატესობით სარგებლობს დაცული ფასიანი ქაღალდების სახით არსებული ა-ები.
2020 წლის დასაწყისში საქართვ. საფონდო ბირჟაზე კოტირებული აქციების ემიტენტი კომპანიის საბაზრო ღირებულებათა ჯამური რაოდენობა (კაპიტალიზაცია) შეადგენდა 19,5 მლრდ. ლარს. აქციების ძირითადი ემიტენტები იყვნენ სააქციო საზ-ბები: „ლიბერთი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თელასი“, „ბამბის ნართი“ და სხვ.
დ. იაკობიძე
მ. თოქმაზიშვილი