აქციზი, არაპირდაპირი გადასახადი, რომლითაც იბეგრება მასობრივი მოხმარების საქონელი და მომსახურების ცალკეული სახეობა. პირდაპირი გადასახადისაგან განსხვავებით, ა. არ არის დამოკიდებული მისი გადამხდელის შემოსავალზე, სოც. თუ საოჯახო მდგომარეობაზე. მას იხდის ამ გადასახადით დაბეგრილი საქონლის ან მომსახურების ყველა მყიდველ-მომხმარებელი. საქონლის მესაკუთრე-გამყიდველი ან პიროვნება, რ-იც ამა თუ იმ დასაბეგრ მომსახურებას უწევს მომხმარებელს, ამ გადასახადის ამკრეფია და ვალდებულია აკრეფილი თანხა მთლიანად და დროულად შეიტანოს ბიუჯეტში.
ა-ით იბეგრება მასობრივი მოხმარების საგნები (ჩაი, შაქარი, ასანთი, თამბაქოს ნაწარმი და სხვ.), დელიკატესები (ხიზილალა, ძვირფასი სახეობის თევზეული, შოკოლადი და ა. შ.) და სხვა მაღალხარისხოვანი ნაწარმი. დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგ., იაპონიაში მათი რიცხვი 600-ს აღემატება, გერმანიაში კი მხოლოდ 20-მდეა. საქართველოში ა-ით დაბეგვრის ობიექტებია ღვინო, არაყი, ლუდი, ჩაი, თართისა და ორაგულის ხიზილალა, ძვირფასი სახეობის თევზეული, ზღვის დელიკატესური პროდუქტები, შოკოლადის, თამბაქოს ნაწარმი, მსუბუქი ავტომობილების სალტეები, ხალიჩები, ნატურალური ტყავის ტანსაცმელი, ფაიფურისა და ბროლის ნაწარმი.
ამოღების წესის მიხედვით განასხვავებენ ინდივიდუალურსა და უნივერს. ა-ს. ინდივიდუალურ ა-ს ამოიღებენ ცალკეული სახის საქონლისგან მყარი საგადასახადო განაკვეთის სახით. ინდივიდ. ა-ის განაკვეთი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ინდივიდუალური (როცა საქონელი თავისი ხარისხით ერთგვაროვანია, მაგ., შაქარი, მარილი, ასანთი და ა. შ.), დიფერენცირებული (მაგ., სხვადასხვა ხარისხის ან სიმაგრის ღვინოები) ან საშუალო (როცა ერთი და იმავე სახის, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის საქონელზე დაწესებულია სხვადასხვა ფასი, მაგ., საქართველოში I კლასის, II–III კლასისა და IV კლასის სიგარეტები). უნივერსალური ა. ჩვეულებრივ წესდება შინა წარმოების საქონელზე (ზოგიერთ ქვეყანაში კი იმპორტულზეც). უნივერს. ა-ის ფორმაა ბრუნვის გადასახადი და მისი ნაირსახეობა – გადასახადი დამატებულ ღირებულებაზე. საქართველოში ინდივიდ. ა-მა და გადასახადმა დამატებულ ღირებულებაზე პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა ბრუნვის გადასახადი, რ-იც სახელმწ. ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ლ. ხაბურზანია