აღაბაბიანი რუბენ იაკობის ძე [30. X (12. XI). 1911, თბილისი, – 6. XII. 1970, იქვე], არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი. საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1948). პროფესორი (1949).
დაამთავრა საქართვ. საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტი (1932). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1932–70). მუშაობდა (გ. ჩიგოგიძესთან ერთად) არქიტ. პროექტირებაში გამოთვლითი ტექ. გამოყენების საკითხებზე. ავტორია ცხინვალისა (1936; ი. ყირქესალთან ერთად) და ბათუმის (საპროექტო მოცემულობა, 1933, ბ. ლორთქიფანიძესთან, ლ. სუმბაძესა და ი. ყირქესალთან ერთად) გენგეგმებისა; მწვანე კონცხისა (1935) და ციხისძირისა (1939) დასასვენებელი სახლების კორპუსების, თბილისის ისნის რ-ნის მეგობრობის პარკში სომეხ კულტ. მოღვაწეთა პანთეონის დაგეგმარება-კეთილმოწყობისა (60-იანი წწ.) და სხვ. სამეცნ.-პრაქტ. გამოკვლევების პარალელურად ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობასაც. მისი ლექსების პირველი წიგნი „ლირიკა“ გამოიცა თბილისში 1930 (სომხ. ენაზე), მასვე ეკუთვნის თბილისსა და ერევანში გამოცემული რამდენიმე კრებული; სომხ. ენაზე თარგმნა და გამოსცა გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. გრიშაშვილის, ი. აბაშიძის ლექსები. 1931–41 იყო თბილისში გამომავალი სომხ. საბავშვო ჟურნალის „კარმირ წილერის“ („წითელი კვირტები“), ხოლო 1936 – 41 საქართვ. მწერალთა კავშირის სომხ. სექციის ლიტ. ალმანახის „გრაკან ჰანდესის“ („ლიტერატურული მიმოხილვა“) რედაქტორი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: Архитектура грузинского народного жилища, Тб., 1945; Композиция купольных сооружений Грузии и Армении, Ер., 1950.
ს. კინწურაშვილი