აღაიანის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდ. ანტიკური, ელინისტური, ადრინდ. და განვითარებული შუა საუკ. ნამოსახლარები, სამაროვნები და საწარმოო უბნები სოფ. აღაიანის (კასპის მუნიციპ.) მიდამოებში, მუხრანის ველზე, მდ. ქსანსა და თხოთის მთას შორის. 1929 გათხარეს თიხის სარკოფაგი, რ-შიც აღმოჩნდა ოქროს სამკაული და ოქროს 2 მონეტა (რომის იმპ. კონსტანტინე დიდის მიერ 312 წ. მოჭრილი სოლიდი და მისი მინაბაძი). ამ აღმოჩენით გაირკვა (ს. მაკალათია), რომ საქართველოში თიხის სარკოფაგების გავრცელების ხანაა IV–V სს. 1974-იდან მიმდინარეობდა ა. ა. ძ-ის სისტემატური არქეოლ. შესწავლა (ხელმძღვ. ა. ბოხოჩაძე).
ძვ. წ. I – ახ. წ. VII სს. ნაქალაქარი მდებარეობს ე. წ. რიყიანების ველზე. გამოვლენილია როგორც საცხოვრებელი, ისე საზ. ნაგებობების ნაშთები. რიყის ქვის საძირკველზე ამოყვანილი ალიზის კედლები შელესილი და შეღებილი იყო, ზოგ შემთხვევაში – მოხატულიც. ყველა ნაგებობა გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით. გათხრების დროს გამოვლენილია თიხის ჭურჭლის, აგურის, თიხის მილების, კალორიფერებისა და აბანოს მოსაპირკეთებელი შვერილიანი ფილების, სარკმლის მინის, მინის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები და სხვ. სვეტებიანი ნაგებობის იატაკზე ნაპოვნია ვერცხლის სამაჯური და ავგუსტუსის დენარი.
რიყიანების ველის სამაროვანი (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) მდებარეობს თხოთის მთის ჩრდ-ით. გამოვლენილია სამარხის 3 ტიპი: თიხის სარკოფაგი, ქვევრსამარხი და ორმოსამარხი. უმრავლესობა ქვაყრილიანი ორმოსამარხი იყო. მიცვალებულები ესვენენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე ხელფეხმოკეცილი. ხელში ეჭირათ და პირში ედოთ ოქროსა და ვერცხლის მონეტები, სამარხთა უმრავლესობა მდიდრულ მასალას (ოქროსა და ვერცხლის მონეტები; ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ადგილ. და იმპორტული სამკაული; ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და თიხის ჭურჭელი; რკინის სახნისი და სხვ.) შეიცავდა.
თხოთის მთის ფერდობზე გამოვლენილი და არქეოლოგიურად შესწავლილია (1975-იდან) IV–V სს. სამაროვანი. დადგინდა სამარხის 4 ტიპი: თიხის სარკოფაგები, აგურით ნაგები, კატაკომბური და ორმოსამარხები. ამ პერიოდში ქრისტიანობა ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა და ერთიანი ქრისტიანული დაკრძალვის წესი არ არსებობდა. აღნიშნულ სამაროვანზე მიცვალებულები ესვენენ როგორც გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, ისე ზურგზე, მარჯვნივ ან მარცხნივ გადაწეული, მუხლებში მოხრილი ფეხებით. მასალის მიხედვით გამოიყოფა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: IV ს. მდიდრულინვენტარიანი სამარხები და V ს. ღარიბულინვენტარიანი სამარხები.
თხოთის მთაზე მიკვლეულია აგრეთვე კერამიკის საწარმოო უბანი. გაიწმინდა ადრინდ. შუა საუკ. ალიზით ნაგები თაღიანი ქურა. აღმოჩენილია კერამ. ჭურჭლის ნატეხები.
აღაიანსა და მის მიდამოებში სხვადასხვა კატეგორიის ძეგლების არსებობა, ნაგებობათა არქიტ. გაფორმება, ნაქალაქარის სინქრონულ სამაროვანზე მრავალი იმპორტული და ადგილ. მაღალმხატვრული ნაწარმის, მ. შ. მონეტების აღმოჩენა (რომი, პონტო, პართია, კაპადოკია, სომხეთი, კოლხეთი, იბერია) ცხადყოფს, რომ ძვ. წ. I – ახ. წ. I სს-ში ამ ადგილას ქალაქი და ვაჭარ-ხელოსანთა უბანი იყო, მჭიდრო ეკონ. ურთიერთობა ჰქონია იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან. გამოვლენილი მასალის მიხედვით დაწინაურებული ჩანს მიწათმოქმედება და მევენახეობა, რაც რელიგ. სფეროშიც აისახა. აღნიშნულ რეგიონში გავრცელებული ყოფილა დიონისეს კულტი. 1971 არქეოლ. გათხრების დროს (ი. გაგოშიძე, გ. აბრამიშვილი) გამოვლინდა გვიანდ. ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის კულტ. ფენები. აღმოჩნდა ქვაჯვარის საფუძველი. დადგინდა, რომ აღაიანის სამხრ-ით, თხოთის ქედზე, მდგარა IV–V სს. წმ. ნინოს ეკლესია, რ-საც დღევანდელი სახე VII–VIII სს-ში აქვს მიღებული. ლეონტი მროველის თანახმად, მეფე მირიანს ამ ადგილას დაუბნელდა მზე და წმ. ნინოს მითითებით აღმართეს ჯვარი. ეკლესიის გარშემო ადრინდ. ფეოდ. ხანის სამაროვანია.
ლიტ.: გაგოშიძე ი., სამადლოს არქეოლოგიური ექსპედიციის 1972 წლის მუშაობის ანგარიში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები», 1975, [ტ.] 4; მაკალათია ს., არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში: სოფ. საკობიანოში, დაბლა-გომში და აღაიანში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1941, ტ. 11 B; მირიანაშვილი ნ., შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (აღაიანის არქეოლოგიური ძეგლები), [წგ.] 2, თბ., 1983; Шмерлинг Р. О., Барнавели Т. В., Храм Ниноцминда на горе Тхоти, «საქ. სსრ მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1963, № 6.
ნ. მირიანაშვილი