აღდგომა

აღდგომა. ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის (სვანეთი) ფრესკა, XIII ს.

აღდგომა, 1. ქრისტიანული რელიგიის თანახმად, იესო ქრისტეს – ღმერთკაცის გაცოცხლება (მკვდრეთით აღდგომა) ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს, რაც მოასწავებს ცოდვის, სიკვდილის, ბოროტი ძალის ძლევას, ყველა ჭეშმარიტი მორწმუნის გამოხსნას და მათთვის საუკუნო სასუფევლის დამკვიდრებას. -ის შემდეგ იესო ქრისტეს სხეული სახეცვლილია, ეს არის უკვე ზეციური და უკვდავი სხეული, რ-იც ბუნებრივი, ბიოლოგიური და ფიზიკური კანონების მოქმედებას აღარ ექვემდებარება. ყოველი ქრისტიანისთვის ა. არის უეჭველი ისტორიული ფაქტი, ურომლისოდაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ღვაწლს თავისი ჭეშმარიტი აზრი გამოეცლებოდა, ქრისტიანობა, როგორც რელიგია, ვერ იარსებებდა. მცდარია იესო ქრისტეს ა-ის დაკავშირება შუამდინარული, ეგვიპტური, წინააზიური, ბერძნული თუ სხვა ქვეყნების მომაკვდავი და აღდგომადი ღვთაებების კულტთან, რასაც ხშირად ვხედავდით ათეისტურ ლიტ-რაში.

2. ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული, რ-ითაც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა აღინიშნება. ა. მოძრავი დღესასწაულია – გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, გრძელდება მთელ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალკვირამდე ანუ კვირაცხოვლობამდე. მას წინ უსწრებს დიდი მარხვა, რ-იც მორწმუნეებს -ის შესახვედრად ამზადებს ხორციელად და სულიერად. -ის უდიდესი მნიშვნელობის გამო ძველი აღთქმის შაბათი, რ-იც კვირის დღეთა შორის საუფლოდ, უქმედ იყო დაწესებული, ქრისტიანებმა კვირა დღით შეცვალეს. -ის აღსანიშნავი დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325).

რ. თვარაძე