აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ფართო საერთაშორისო ორიენტაციის და კომპლექსური თემატიკის სამეცნ.-კვლ. სტრუქტურა, რ-იც დაფუძნდა 1993 დეკ-ში თბილისში, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბაზაზე (ცენტრის პრეზიდენტი – ე. შევარდნაძე, თავ-რე აკად. თ. გამყრელიძე, კოორდინატორი – ვ. ლორთქიფანიძე). 2015-იდან ცენტრის პრეზიდენტია ვ. ლორთქიფანიძე. ცენტრის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა გლობალურ პრობლემებზე ისტ., კულტუროლოგიური და პოლიტოლოგიური კვლევითი სამუშაოების ჩატარება; აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების შესწავლა და ამ ცივილიზაციათა ურთიერთობაში საქართველოს ისტ. როლის წარმოჩენა; რელიგიების ისტორიისა და მათი ურთიერთობის შესწავლა კავკასიის რეგიონში; ეთნოპოლიტ., ეთნოკონფესიური, კონფლიქტოლოგიური და სხვა აქტუალური პრობლემების კვლევა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცენტრის მიერ ცალკეულ წიგნებად გამოცემულია 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ჩატარებული აქვს მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სიმპოზიუმი.
ვ. ლორთქიფანიძე