აღმოსავლეთი კავკასიონი, კავკასიონის მთიანეთის აღმ. ნაწილი, მყინვარწვერიდან ილხიდაღის მწვერვალამდე, ჩრდ. ოსეთის, ჩაჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, საქართველოს და აზერბაიჯანის ფარგლებში. ა. კ-ში შედის მთავარი, გვერდითი (პირიქითის, ბოღოზის, ნუკატლისა და სამურის ქედები), ანდის, სალათაუს და გიმრის ქედები. სიმაღლე 3500–4000 მ-მდე, მაქს. – 4498 მ (მწვ. თებულოსმთა); უდიდესი სიგანე 160 კმ. ა. კ. აგებულია უმთავრესად ქვედა-და შუაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. კალთებზე განვითარებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმთავრესად სამხრ. კალთაზე), მდელო-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტები.
ლ. მარუაშვილი