აღმოსავლეთმცოდნეობა, ორიენტალისტიკა, მეცნიერება, რ-იც კომპლექსურად შეისწავლის აღმოსავლეთის (აზია და ნაწილობრივ აფრიკა, უპირატესად ჩრდ. აფრიკა) ისტორიას, ეკონომიკას, ლიტ-რას, ენებს, ეთნოგრაფიას, რელიგიას, ფილოსოფიას, მატერ. და სულიერ კულტ. ძეგლებს. ა-ის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა ცალკეული რეგიონალური დარგები: ეგვიპტოლოგია, ასირიოლოგია, სემიტოლოგია, არაბისტიკა, ირანისტიკა, თურქოლოგია და სხვ.
ცნობები აღმ. ქვეყნების შესახებ ჯერ კიდევ ელინური ხანის მწერლობაში მოიპოვება. მოგვიანებით საფუძველი ჩაეყარა ზოგი აღმოსავლური ენის (ძვ. ებრ., არაბ.,) სწავლებას პარიზის (XVI ს.) და ოქსფორდის (XVII ს.) უნ-ტებში. ა-ის შემდგომ განვითარებაში სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა. პირველი ეტაპისათვის (XVII ს.–XVIII ს. I ნახ.) დამახასიათებელია მეცნ. კვლევისათვის საჭირო პირობების მომზადება – მასალათა ინტენსიური მოპოვება. მეორე ეტაპი (XVIII ს. II ნახ. – XIX ს. I ნახ.) ყალიბდება ა-ის მეცნ. საფუძვლები. განსაკუთრებით განვითარდა აღმოსავლური ფილოლოგია, საფუძველი ჩაეყარა ინდოლოგიისა და სინოლოგიის შესწავლას. ა-ის განვითარების მესამე ეტაპზე (XIX ს. II ნახ. – XX ს.) გაფართოვდა ა-ის კვლევის ობიექტი, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ა-ის ყველა დარგში, მ. შ. კავკასიოლოგიაში.
ქართული ა-ის განვითარებას საფუძველი შეუქმნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთობამ აღმ. ქვეყნებთან, რის შედეგადაც დაგროვდა მდიდარი მასალა. აღმოსავლური ენების სწავლება მეცნ. მიზნებით თსუ-ში მისი დაარსებიდანვე დაიწყო. ისწავლებოდა არაბ., თურქ. (ა. შანიძე), სპარს. (ი. აბულაძე), სანსკრიტი (გ. ახვლედიანი). ა-ს, როგორც მეცნ. დამოუკიდებელ დარგს, საფუძველი ჩაეყარა XX ს. 30-იან წლებში. 1936 ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტში („ენიმკი“) შეიქმნა ა-ის განყ-ბა (გ. წერეთელი), ხოლო 1945 თსუ-ში – ა-ის ფაკ-ტი ისტ. და ფილოლ. განყ-ბებით. სამეცნ.-პედ. მუშაობას ფაკ-ტზე წარმართავდა აღმ. ქვეყნების ისტ. (ვ. გაბაშვილი, დ. კაციტაძე), სემიტოლოგიის (გ. წერეთელი, ა. ლეკიაშვილი, კ. წერეთელი, ა. სილაგაძე), ირან. ფილოლ. (იუსტ. აბულაძე, დ. კობიძე, კ. ფაღავა, ა. გვახარია), თურქოლოგიის (ს. ჯიქია, ნ. ჯანაშია), ებრაულ-არამეული ფილოლ. (კ. წერეთელი), ასირიოლოგიის (გ. გიორგაძე), არმენოლოგიის (ლ. მელიქსეთ-ბეგი, ივ. შილაკაძე, ზ. ალექსიძე) კათედრები. სპეციალისტთა მომზადების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართვ. მეცნ. აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბებულიყო (1960) ა-ის ინ-ტი, რ-საც სათავეში ჩაუდგა გ. წერეთელი (1973-იდან – გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი). მუშაობა ა-ის დარგში მიმდინარეობს აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტში, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწ. უნ-ტებში და სხვ.
ქართ. ა-ის საკვლევი პრობლემატიკა განისაზღვრება ახლო, შუა და ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ისტ., კულტ., ლიტ-რისა და ენების შესწავლით. ამასთანავე იგი იმთავითვე დაუკავშირდა ქართველოლოგიური პრობლემების კვლევას.
ქართ. ა-ის ერთ-ერთი ძირითადი დარგია სემიტოლოგია, რ-საც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა გ. წერეთელმა. მნიშვნელოვანი შედეგებია მოპოვებული არაბ. სალიტ. ენისა და არაბ. დიალექტების კვლევის დარგში (გ. წერეთელი, ა. ლეკიაშვილი, ვ. ახვლედიანი, ნ. კილაძე), არაბ. საენათმეცნიერო თეორიების შესწავლაში (ვ. ახვლედიანი). არამეული ენის შესწავლას ჩვენში ბიძგი მისცა მცხეთის მახლობლად, არმაზისხევში, აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლამ (გ. წერეთელი). ჩვენში ინტენს. მუშაობა მიმდინარეობს არამეისტიკის სხვადასხვა დარგში – არმაზულ არამეულზე, საშ. არამეულზე, კლასიკური სირიული ენის საკითხებზე და თანამედროვე არამეულ დიალექტებზე (კ. წერეთელი). სწავლობენ ძველი და თანამედროვე ებრაულის საკითხებს (კ. წერეთელი, ნ. ბაბალიკაშვილი). სათანადო ყურადღება ეთმობა ეთიოპიის სემიტური ენების კვლევას. შემუშავებულია ორიგინ. თვალსაზრისები სემიტურ ენათა ბუნების, მათი შედარებითი გრამატიკის კარდინალური პრობლემების შესახებ (გ. წერეთელი, ა. ლეკიაშვილი). მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ძვ. აღმოსავლური ენების კვლევის დარგში, დამუშავებულია ურარტულის (გ. წერეთელი, გ. მელიქიშვილი, ვ. გვახარია), ხურიტულის, ხეთურის (თ. გამყრელიძე), ფონოლოგიის, გრამატ. წყობისა და ლექსიკის მნიშვნელოვანი პრობლემები.
მიმდინარეობს კვლევა ინდ.-ირან. ენათა დარგში. შესწავლილია სანსკრიტის (გ. ახვლედიანი, გ. ნახუცრიშვილი, თ. ჭავჭავაძე), ძველი და საშ.-სპარსულის (გ. ახვლედიანი, მ. ანდრონიკაშვილი, თ. ჩხეიძე), ახ. სპარსულის (ჯ. გიუნაშვილი, თ. ჩხეიძე, თ. ჭავჭავაძე), დარი ენის (ქ. გადილია), ქურთულის (შ. კოტეტიშვილი) ფონოლოგია და გრამატ. სტრუქტურა. ქართველ ირანისტთა ტრად. პრობლემაა ოსური ენისა და ოსურ-ქართული ენობრივი ურთიერთობის საკითხები. გამოკვლეულია ოსური ენის ფონეტიკურ-ფონოლოგიური და გრამატ. სტრუქტურა და ქართულ-ოსური ლექსიკური ურთიერთობის საკითხები (გ. ახვლედიანი, ო. თედეევი).
დიდი მუშაობა მიმდინარეობს თურქ. ენების შესწავლის ხაზით. დამუშავებულია თურქ. სალიტ. ენის სტრუქტურისა და ქართ.-თურქ. ენობრივი ურთიერთობის საკითხები (ს. ჯიქია, ნ. ჯანაშია, მ. ჯიქია), თანამედროვე თურქულის ლექსიკის საკითხები. კვლევის საგანია ძვ. თურქულის პრობლემები, უზბეკური ენის სტრუქტურა (ა. ცალქალამანიძე). გამოკვლეულია თურქ.-აზერბ. დიალექტოლოგიის სხვადასხვა ასპექტი (ს. ჯიქია) და სხვ.
ქართვ. აღმოსავლეთმცოდნეთა ტრად. დარგია აღმოსავლეთის ხალხთა ლიტ-რა და მისი ურთიერთობის პრობლემები ქართულ ლიტერატურასთან. გამოკვლეულია ძვ. მესოპოტამიის ეპოსის ძეგლები, შექმნილია მეცნიერული თარგმანები ბაბილ. ეპოსისა (ზ. კიკნაძე). არაბ. ლიტერატურათმცოდნეობის დარგში აღსანიშნავია ისლამამდელი და კლასიკური არაბული პოეზიის პრობლემათა შესწავლა, არაბ. პოეტიკის საკითხთა კვლევა (ნ. ფურცელაძე, ა. სილაგაძე), თანამედროვე არაბ. ლიტ-რის მსოფლმხედველობითი საკითხების შესწავლა, ქრისტიანული არაბული ლიტ-რის ისტორიის პრობლემები, არაბ.-ქართ. ლიტერატურული ურთიერთობის საკითხები (რ. გვარამია). უკანასკნელ ხანებში გამოიკვეთა პრობლემა კლასიკური სირიული ლიტ-რის დარგიდან, კერძოდ, სირიულ-არაბ.-ქართ. ლიტერატურული ურთიერთობანი. ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს ჩვენში სპარს. კლასიკური ლიტ-რისა და სპარს.-ქართ. ლიტ. ურთიერთობათა კვლევას. მონოგრაფიულად არის შესწავლილი სპარს.-ტაჯ. ლიტ-რის წარმომადგენელთა მემკვიდრეობა (იუსტ. აბულაძე, დ. კობიძე, ა. გვახარია, მ. თოდუა, მ. მამაცაშვილი), ქართ. ენაზე დაიწერა სპარს. ლიტ-რის ისტორიის მოკლე კურსი (დ. კობიძე), შეისწავლებოდა სპარს. ხალხ. დასთანები და მათი ქართ. ვერსიები (ა. გვახარია), ინტენს. მუშაობა წარმოებდა სპარს.-ტაჯ. პოეზიის ძვ. ქართული თარგმანების შესასწავლად, გამოქვეყნებულია „შაჰნამეს“ ქართული ვერსიები (იუსტ. აბულაძე, ა. ბარამიძე, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, დ. კობიძე), „ვისრამიანი“ (ა. გვახარია, მ. თოდუა), „ქილილა და დამანა“ (მ. თოდუა) და სხვ. გამოკვლეულია კლასიკური სპარს. ლექსის საკითხები (ვ. კოტეტიშვილი). სათანადო ყურადღება ეთმობა ახალი და უახლესი სპარს. ლიტ-რის პრობლემებს (კ. ფაღავა, ლ. გიუნაშვილი).
მნიშვნელოვანი შედეგებია მოპოვებული თურქული ლიტ-რის შესწავლაში, განსაკუთრებით ძვ. თურქული ლიტ-რის მსოფლგაგების პრობლემების კვლევაში (ე. ჯაველიძე); სწავლობენ ახ. თურქ. ლიტ-რის ისტორიის საკითხებს, თურქ. მოდგმის ხალხების ფოლკლორს; აზერბ. ლიტ-რის საკითხებს და მის ურთიერთობას ქართ. ლიტ-რასთან (გ. შაყულაშვილი).
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საქართვ. წიგნსაცავებში დაცულ აღმოსავლურ ხელნაწერთა აღწერილობის შედგენა-პუბლიკაციაზე (რ. გვარამია, ნ. ყანჩაველი, ლ. მამულია, ც. აბულაძე, მ. მამაცაშვილი).
ქართ. ა-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის პრობლემებს, ამ ხალხთა ურთიერთობას საქართველოსთან. ამ მხრივ აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები ურარტუს სახელმწიფოს (გ. მელიქიშვილი), ხეთების, მუშქების და სხვა ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიისა და კულტურის შესახებ (გ. გიორგაძე, ე. მენაბდე, ნ. ხაზარაძე), აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხებზე (ნ. ნაჭყებია, ა. რონდელი, რ. გაჩეჩილაძე).
გამოქვეყნდა განმაზოგადებელი ნაშრომები აღმოსავლეთის ხალხთა ფეოდ. ქ-ების ჩასახვისა და განვითარების პრობლემებზე (ვ. გაბაშვილი, ო. ცქიტიშვილი, კ. კუცია, მ. გაბაშვილი); აღმოსავლეთის ქვეყნების სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის კარდინალურ საკითხებზე (ვ. გაბაშვილი, ლ. ნადირაძე, კ. კუცია, ნ. შენგელია, ვ. ჩოჩიევი, გ. ჯაფარიძე, გ. ბერაძე, მ. სვანიძე, ე. სიხარულიძე, გ. ამირანაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, ნ. გელაშვილი); არაბ., ირან. და თურქ. ურთიერთობის შესახებ საქართველოსთან (ვ. გაბაშვილი, დ. კაციტაძე).
ინტენს. მუშაობა წარმოებს აღმოსავლური წყაროთმცოდნეობის დარგში. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოსა და კავკ. ისტორიის აღმოსავლური წყაროების პუბლიკაციასა და კვლევას. გამოქვეყნებულია არაბ., თურქ., სპარს. ისტ. წყაროების ცნობები საქართველოს და საერთოდ კავკასიის შესახებ (გ. წერეთელი, ს. ჯიქია, გ. ფუთურიძე, რ. კიკნაძე, კ. ტაბატაძე, ვ. ჩოჩიევი, ც. აბულაძე, ე. სიხარულიძე, გ. ალასანია). გამოიცა თურქული (ს. ჯიქია, ც. აბულაძე, ნ. შენგელია) და სპარსული (ვ. ფუთურიძე, მ. ხუბუა, კ. ტაბატაძე, მ. თოდუა) დოკუმენტები თარგმანითა და კომენტარებით, რ-თაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთის დიპლომატიკისა და საქართვ. ისტორიის შესწავლისათვის. შესწავლილია აგრეთვე არაბულენოვანი დაღ. დოკუმენტები (გ. წერეთელი), საქართვ. ტერიტორიაზე მოპოვებული არაბ. ეპიგრაფიკული ძეგლები (ც. კახიანი).
განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ჩვენში აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კვლევამ, იგი ძირითადად დაუკავშირდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობის პრობლემას. დაიწერა ფუნდამენტური მონოგრაფიები თურქეთის ახ. ისტორიისა და თურქიზმის იდეოლოგიის პრობლემებზე (ო. გიგინეიშვილი), ირანის XVIII და XIX სს. ისტორიის საკითხებზე (ზ. შარაშენიძე), ერაყის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის თაობაზე XVIII ს-ში (ბ. სილაგაძე), სირიის ქალაქების ისტორიის საკითხებზე (მ. ტიკაძე), ავღანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ (ლ. ბააზოვა). მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიეძღვნა აღმოსავლეთის ხალხთა ეროვნ.-განმათ. და რევ. მოძრაობებს, აგრ. ურთიერთობებისა და გლეხთა მოძრაობის საკითხებს. განზოგადებულია ეგვიპტის 1952 რევოლუციისა და მისი შემდგომი განვითარების შედეგები (შ. კურდღელაშვილი, ო. ქაჯაია), შესწავლილია ერაყელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის I მსოფლიო ომის შემდეგ, ერაყელ ქურთთა მოძრაობის თავისებურებანი (ა. მენთეშაშვილი), აგრ. რეფორმათა და კოოპ. მოძრაობის სპეციფიკა ირანში (გ. ჭიპაშვილი); აგრ. ურთიერთობათა და გლეხთა მოძრაობის საკითხები თურქეთში რესპ. პერიოდში (ნ. კომახიძე), რელიგ. პოლიტიკის პრობლემები არაბ. ქვეყნებში (მ. მეტრეველი), ლიბიის რევოლუციის იდეოლოგიური ასპექტები (შ. კურდღელაშვილი), ისლამური რევოლუციის საკითხები ირანში (გ. ჭიპაშვილი) და სხვ.
1990 დასაწყისიდან საქართველოში შეიქმნა ა-ის ახალი, სასწავლო და კვლევითი ცენტრები ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტში, ხოლო 1991 თბილისში გ. ჩიქოვანის ინიციატივით დაარსდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინ-ტი. ინ-ტში გაიხსნა ჩინური, იაპონური, კორეული და ინდური განყ-ბები, საფუძველი ჩაეყარა, პირველად საქართველოში, ჩინური, იაპონური, კორეული და ჰინდი ენების საუნივერსიტეტო კურსებს. ამოქმედდა სტაჟიორების პროგრამები ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. ენების და ქვეყნების უკეთ შესწავლის მიზნით ამოქმედდა არაბული, სპარსული, თურქული, ინდური, ჩინური, იაპონური და კორეული კაბინეტები. დაარსდა შესასწავლ ქვეყნებთან ურთიერთობის ასოციაციები და დამყარდა მეგობრული კავშირები საზღვარგარეთის უნ-ტებთან, ფონდებთან.
2008 წელს თბილისის, აზიისა და აფრიკის ინ-ტი გაერთიანდა თბილისის თავისუფალ უნ-ტში.
ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტში 1990-იდან მიმდინარეობს აღმოსავლური ენების სწავლება. 1991 წ. უნ-ტში გაიხსნა აღმ. ენების კათედრა, რ-იც მალე დაიყო არაბულ, სპარსულ და თურქულ დეპარტამენტებად, არაბული ენის პროგრამას დღემდე ხელმძღვანელობს პროფ. გ. ჩიქოვანი, თურქულს – პროფ. ც. აბულაძე, ხოლო სპარსულს – პროფ. ნ. ბართაია. აღმოსავლურ დეპარტამენტში ამჟამად კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: არაბული დიალექტოლოგია (გ. ჩიქოვანი, ზ. ცხვედიანი); არაბული ლექსიკოლოგია, არაბულ-ქართული ენობრივი ურთიერთობები (ლ. ავალიანი, ს. იმედაძე); არაბული ლიტერატურა, არაბულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები (ლ. ქველიძე, ვ. თევდორაძე); არაბული ენის ტრადიციები ჩრდ. კავკასიაში (დ. მოსეშვილი); სპარსული ენა, ლიტერატურა, ქართულ-სპარსული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები (პ. ჯაფარიძე, ნ. სვინტრაძე, უგრეხელიძე), ქართულ-თურქული ისტ., ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები (ნ. დანგაძე, გ. ქამუშაძე).
თავისუფალი უნ-ტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი დაარსდა 2016 (ხელმძღვანელი – პროფ. გ. ჩიქოვანი). იგი წარმოადგენს კვლევით ინ-ტს და შეისწავლის არაბული და ისლამური სამყაროს პრობლემებს, ქართულ-აღმოსავლურ ურთიერთობებს, საერთაშ. ურთიერთობებს, კავკასიისა და ახ. აღმოსავლეთის ისტორიისა და კულტურის საკითხებს. ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშ. კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ყოველწლიურად აქვეყნებს სამეცნ. ჟურნალს „თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი“ (Free University Journal of Asian Studies). ჟურნალი ელექტრონულია, იბეჭდება ტიპოგრაფიულადაც, არის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური).
ლიტ.: კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. 5–12, თბ., 2008–12; ალექსიძე მ., სპარსელები და სპარსული კულტურა XIX ს-ის საქართველოში, თბ., 2009; მისივე, საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ მემუარულ ლიტერატურაში თბ., 2013; გიუნაშვილი ჯ., ორმოცდაათი წლის მონაგარი (სამეცნიერო სტატიების კრებული სპარსულ ენაზე, თბ., 2012; ლომოური ნ., ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში, თბ., 2009; მესხი თ., სინა-საქართველო, ახალი ფურცლები მრავალსაუკუნოვანი ისტორიისათის, თბ., 2013; მისივე, ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის, თბ., 2015; სანიკიძე გ., გელოვანი ნ., ალასანია გ., ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX–XXI სს-ის დასაწყისი), თბ., 2011; წერეთელი გ., ჯიქია ს., აღმოსავლეთმცოდნეობა საქართველოში, იქვე, 1959, ტ. 73; Комахидзе Н. В., Востоковедение в Грузии за пятьдесят лет, «Народы Азии и Африки», 1968, № 1–2.
ვ. ახვლედიანი
გ. ჩიქოვანი