აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, გ. წერეთლის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1960 წ. 1 ივლ. თბილისში, საქართვ. მეცნ. აკად. ინ-ტებისა და სხვა სამეცნ. დაწესებულებებში აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში მომუშავე განყ-ბათა და ჯგუფების ბაზაზე. ინ-ტი შეისწავლის ძვ., ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიას, კულტურას, ლიტ-რას და ენებს, აღმოსავლეთის ხალხთა სოც.-ეკონ. ისტორიას. საქართვ. და აღმოსავლეთის ხალხთა კულტ.-ისტ. და პოლიტ. ურთიერთობას ფეოდ. ხანაში. ახ. და უახლესი ისტორიის პრობლემებს – აღმოსავლეთის ხალხთა ეროვნ.-განმათ. მოძრაობებს და ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა ლიტ-რას, არაბულ კლასიკურ და ახ. ლიტ-რას, ქრისტიანულ არაბ. ლიტ-რას, სპარს. კლასიკურ და თანამედროვე ლიტ-რას, თურქ. ლიტ-რის პრობლემებს, ქართულ-აღმოსავლურ ლიტ. ურთიერთობებს, ბიზანტინოლოგიის საკითხებს, სემიტური (არაბული, ებრაული, არამეული, ეთიოპური), ინდურ-ირანული (სანსკრიტი, ჰინდი, ძვ., საშუალო და ახ. სპარსული, ოსური), თურქული [თურქ., აზერბ., უზბ., ძვ. თურქული (ორხონულ-ენისკური) და სხვა] და ძვ. აღმოსავლეთის (ხეთური, ხურიტული, ურარტული) ენების პრობლემებს.

ინ-ტში ფუქციონირებს ძვ. აღმოსავლეთის ენათა, სემიტოლოგიის, ინდურ-ირანული, სპარს. ფილოლოგიის, თურქოლოგიის, ბიზანტიოლოგიის, ახლო აღმოსავლეთის შუა საუკ. ისტორიის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ახ. და უახლესი ისტორიის, განყ-ბები და ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის ლაბორატორია. ინ-ტთან დაარსებულია სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო-საატესტაციო საბჭო. ძირითადი შრომები და თემატური კრებულები: „აღმოსავლური ფილოლოგია: (ტ. 1–5, 1969–83), „მახლობელი აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ (ტ. 1–2, 1975–76), „სემიტოლოგიური შტუდიები“ (ტ. 1–5, 1983–91). „ტიპოლოგიური ძიებანი“ (ტ. 1, 1987), „სპარსულ-ქართული ცდანი“ (I–II, 1983– 87).

ა. ი-თან დაარსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი და 1991 – გ. ჩიქოვანის ინიციატივა თბილისის აზიისა და აფრიკის ინ-ტი, რ-იც 2008 თავისუფალი უნ-ტის შემადგენლობაში გადავიდა.

1960–73 ა. ი-ს დირექტორი იყო გ. წერეთელი, 1973–2010 – თ. გამყრელიძე, 2010-იდან გ. სანიკიძე. ა. ი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.

ლიტ.: გიუნაშვილი ჯ., აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1987, № 3.

ვ. ახვლედიანი