აღმოსავლური კაპარჭინა (Abramis brama orientalis), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა – 1,2 კგ აღწევს. გავრცელებულია კასპიისა და არალის ზღვების აუზებში. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ (1953) აღმ. საქართველოს წყალსატევებშიც (მტკვარი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილ. და პალდოს წყალსატევები) შემოვიდა. დას. საქართველოს მტკნარ წყლებში ბინადრობს ა. კ-ის მთავარი ფორმა (A. b. brama). სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. საქართველოში იჭერენ ძირითადად ჯანდარის ტბაში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილსა და დაკონსერვებულს.
მ. დემეტრაშვილი