აღსართან I გაგიკის ძე

აღსართან I გაგიკის ძე, კახეთ-ჰერეთის მეფე (1058–1084). საქართველოს მეფეების ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის თანამედროვე. ა. I-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში, რ-ებიც კავკ. ცალკეულ ფეოდ.-პოლიტ. ერთეულებს შორის მიმდინარეობდა ჰეგემონობისათვის. ბაგრატ IV ძალზე ავიწროებდა ა. I-ს. XI ს. 60-იან წლებში (დაახლ. 1060–64 შორის) ბაგრატ IV-მ შეძლო ხელში ჩაეგდო კახეთ-ჰერეთის („რანთა და კახთა“) სამეფოს მნიშვნელოვანი ტერიტორია. თავისი სამეფოს პოლიტ. დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით ა. I 1068 ეახლა სელჩუკიან თურქთა სულთანს ალფ-არსლანს, აღუთქვა ხარაჯა და მისი დახმარებით შეძლო ისევ უკან დაებრუნებინა ბაგრატ IV-ის მიერ წართმეული მიწა-წყალი. ამის შემდეგ ა. I სულთან ალფ-არსლანის მოკავშირეთა რიგებში იყო და იბრძოდა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. 1073, როდესაც გიორგი II-ს დიდგვაროვანი მოხელეები ნიანია ქუაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი აუჯანყდნენ, ა. I ივანე ლიპარიტის ძეს უჭერდა მხარს გიორგი II-ის წინააღმდეგ, ხოლო ივანეს მეორედ განდგომისას იგი უკვე გიორგი II-ს ეახლა მაშველად. 1074, დიდი ძნელბედობის ჟამს, ა. I საქართვ. მეფეს ეხმარებოდა სელჩუკიან თურქთა სულთნის მელიქ-შაჰის შემოსევის წინააღმდეგ. მალე მელიქ-შაჰმა ჰერეთ-კახეთის სამეფო გიორგი II-ის სამფლობელოდ ცნო. 1080 საქართველოს მეფე სელჩუკიან თურქთა ლაშქრით კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად გაემართა. ა. I-მა დახმარებისათვის იმავე მელიქ-შაჰს მიმართა, ეახლა მას და მიიღო ისლამი. სულთანმა კახეთ-ჰერეთი ამჯერად ისევ ა. I-ს დაუმტკიცა. გიორგი II-ის ცდები კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემოერთებისა მარცხით დამთავრდა. ა. I-მა შეძლო გარკვეული ხნით კიდევ შეენარჩუნებინა სამეფოს დამოუკიდებლობა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982.

თ. პაპუაშვილი