აღულური ენა, იბერიულ-კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ლეზგიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტანში, მდ. ჩირახჩაის სათავეში, აღულის (ძირითადად), ქურახის და დერბენდის რ-ნებში. გამოიყოფა დიალექტები: საკუთრივ აღულური ანუ თფიღური, ქერენული, ბურკიხანური, ყოშანური და თქმები: ფიტას, ცირხეს, ხფიუკისა. ახლო მონათესავე ენათაგან ა. ე. ყველაზე მეტ სიახლოვეს ავლენს თაბასარანულთან.
ა. ე-ის ხმოვანთა სისტემაში წარმოდგენილია ოთხი მარტივი ხმოვანი: ა, ე, ი, უ და პალატალიზებული შუა რიგის მაღალი აწეულობის უ. თანხმოვანთა სისტემა რთულია: წარმოდგენილია ხშულთა ოთხეულებრივი და სპირანტების სამეულებრივი სისტემები. ორი სოფლის (ბურშაღისა და არსუღის) მეტყველებაში შემონახულია დენტალაბიალიზებული თანხმოვნები, ბილაბიალიზაცია კი საერთოდ დამახასიათებელია ამ ენისათვის. ფარინგალიზებული ყ, ღ, ხ, ზოგ დიალექტში გვაძლევს რეფლექსებს. დაკარგვის გზაზეა მჟღერი აფრიკატები (უკვე დაკარგულია ძ). თანამედროვე ა. ე-ში გრამატ. კლასების სისტემა აღარ არის. გაქვავებული კლასის ნიშნების მიხედვით აღდგება ოდინდელი ოთხკლასოვანი სისტემა. არსებითი სახელი იბრუნვის „ორი ფუძის“ პრინციპით: სახ. ბრუნვის ფორმა საფუძვლად უდევს ერგატივს, ერგატივის ფორმაზე კი იგება ირიბ ბრუნვათა ფორმები. ა. ე-ში 28 ბრუნვაა: 4 ძირითადი და სამ-სამბრუნვიანი ადგილობითი ბრუნვების 8 სერია. ზმნა შედარებით ღარიბია მორფოლ. კატეგორიებით. კლასოვანი უღვლილების მოშლის შემდეგ პიროვანი უღვლილება არ განვითარებულა. დროთა წარმოება ანალიზურია. თვლის სისტემა ათობითია, ზოგ დიალექტში – ოცობითი. სინტაქსი მარტივია; მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეთანხმება არ არის; ზმნა მართავს სახელს; რეალური სუბიექტი გარდაუვალ ზმნასთან სახ. ბრუნვაშია, გარდამავალთან – ერგატივში. არ არის განვითარებული ჰიპოტაქსი. ა. ე-ის ლექსიკაში დაცულია საერთოლეზგიური ძირები. მრავლადაა არაბ., სპარს., თურქ. ენებიდან ნასესხები სიტყვები. თანამედროვე ა. ე-ის ლექსიკაში ინტენსიურად მკვიდრდება რუს. ენიდან შეთვისებული სიტყვები.
ა. ე. უმწერლობო ენაა. ტომთაშორის ენად აღულები იყენებენ ლეზგიურს.
ლიტ.: Дирр А., Агульский язык, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1907, в. 37; Магометов А. А., Агульский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; მისივე, Агульский язык, Тб., 1970; Шаумян Р. М., Грамматический очерк агульского языка, М.–Л., 1941.
ა. მაჰომეტოვი