გრიბოედოვი ალექსანდრე სერგეის ძე

ა. გრიბოედოვი.

გრიბოედოვი ალექსანდრე სერგეის ძე [4 (15). I. 1795 (სხვა ცნობებით – 1794, 1791), მოსკოვი, – 30. I (11. II). 1829, თეირანი, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში], რუსი მწერალი და დიპლომატი. მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822-იდან მსახურობდა თბილისში – თავდაპირველად მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ – პასკევიჩთან. დაუახლოვდა მოწინავე ქართვ. საზოგადოებას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს. დეკაბრისტების აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა ფარული საზ-ბის წევრობა ვერ დაუმტკიცეს. 1827 მიანდეს ირანსა და ოსმალეთთან დიპლ. ურთიერთობის წარმართვა. დიდი ძალისხმევის შედეგად გ-მა მიაღწია თავისი ქვეყნისათვის ხელსაყრელი თურქმანჩაის ზავის დადებას, რამაც რუსეთის იმპერიას „ნიშვნელოვანი ტერიტორიები და დიდი კონტრიბუცია შესძინა". 1828 იგი დანიშნეს რუსეთის მინისტრრეზიდენტად (სრულუფლებიან წარმომადგენლად) ირანში. იმავე წელს ცოლად შეირთო ა. ჭავჭავაძის ასული ნინო. 1829 თეირანში გ. აჯანყებულებმა მოკლეს. გ-მა თბილისში დაიწყო მუშაობა თავის მთავარ თხზულებაზე „ვაი ჭკუისაგან". იგი ურთიერთობდა ქართვ. საზ-ბის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან (ა. ჭავჭავაძის ოჯახი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი, ძმები ჭილაშვილები, ს. დოდაშვილი და სხვ.). გ-ის სახელთანაა დაკავშირებული გაზ. „ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილ. საჯარო ბ-კის დაარსების მცდელობა. მასვე ეკუთვნის აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გ-ის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკ. სამეურნ.-კულტ. გარდაქმნის პროექტი, რ-იც ველიკოდერჟავულ ტენდენციებზე იყო დაფუძნებული. პროექტი არ მიიღეს. საქართველოსთანაა დაკავშირებული გ-ის რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები. „მგზავრის წერილებში" (1818–19) გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ბუნებითა და ხალხის გაცნობით, არაგვის ნაპირებზე მოსმენილი „ქართველთა დილის სიმღერით" მოგვრილი შთაბეჭდილებები. გ. მოხიბლული იყო საქართველოს ბუნებით.  „ტკბილ კახეთს" მან უძღვნა შემდეგი სტრიქონები: „იქ, სადაც რბის ალაზანი, მსუბუქ ნიავს მოაქვს შვება". დაუმთავრებელ პოემაში „მეყალიონეები" მოთხრობილია ირანში გაყიდული კახელი ჭაბუკის ტრაგიკული ისტორია. საქართვ. და სომხ. I ს. ამბები გ-მა გამოიყენა დრამაში „რადამისტი და ზენობია" (მოღწეულია ნაწყვეტები). ბატონყმობის პრობლემას კი მიუძღვნა ასევე დაუმთავრებელი თხზულება „ქართული ღამე". შემონახულია ცნობები, რომ „ვაი ჭკუისაგან" პირველად ა. ჭავჭავაძის სახლში დაუდგამთ, შემდეგ კი – რომან ბაგრატიონის სასახლეში (გრიბოედოვის სახ. თეატრის ყოფ. შენობის ადგილას). კომედიის მთარგმნელები იყვნენ გ. წინამძღვრიშვილი (1853), გ. ერისთავი, ა. ყაზბეგი, განდეგილი (დომინიკა ერისთავი), ს. ფაშალიშვილი (გამოიცა 1960).

თხზ.: Полн. собр. соч., т. 1–3, П., 1911– 17; Соч., М., 1956; ვაი ჭკუისაგან, თბ., 1960.

ლიტ.: ე ნ ა კ ო ლ ო ფ ა შ ვ ი ლ ი ი., ცხოვრება გრიბოედოვისა, [თბ.], 1958; რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, შეადგინა ვ. შადურმა, ტ. 1, თბ., 1949; შ ა დ უ რ ი ვ., გრიბოედოვი და საქართველო, თბ., 1954; К л д и а ш в и л и М. С., Русские писатели о Грузии, Тб., 1980.

თ. ბუაჩიძე

ვ. შადური