აყრილი გლეხი, გლეხი, რომელიც ნებით მიატოვებდა მამაპაპურ სამკვიდრებელს. აყრის მიზეზი სხვადასხვა იყო: მიწის სიმცირე, მებატონეთა სისასტიკე, მოსახლეობის ექსპლუატაციის ზრდა, აგრეთვე ეპიზოდური მოვლენები: მტრის შემოსევები, ეპიდემიები, მოუსავლიანობა და სხვ. ა. გ. ფიქსიერებულია XIV ს. კანონმდებლობაში, მაგრამ ის უფრო ადრეული მოვლენაა. ა. გ-ის პირველი საზრუნავი არსებობისათვის ბრძოლა იყო. ძირითადად იგი ისევ ახალ მებატონესთან აფარებდა თავს. სამეფო ხელისუფლება გლეხთა აყრის წინააღმდეგ იბრძოდა. ვახტანგ VI-ის კანონმდებლობით, აყრის შემთხევაში 30, 16 და 6-წლიანი საძებნელი ვადები იყო დაწესებული. ამავე პერიოდში ჩატარდა სპეც. ღონისძიება, ე. წ. „მყრელობა“, მაგრამ მან ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემა და გლეხთა აყრა XIX ს-შიც გრძელდებოდა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., ბორჯომის ხეობა (დღიური 1947), წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ბერძენიშვილი მ., გლეხთა კატეგორიები XI–XII სს. «ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1; მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979.
დ. მეგრელაძე