აყ-ყოიუნლუ (თურქ. თეთრბატკნიანები ak – თეთრი, koyun – ცხვარი), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომთა გაერთიანება მდ. ტიგროსის ზემოწელში (დიარბაქირსა და სივასს შორის) XIV–XV სს-ში, XV ს. დასაწყისიდან – ფეოდ. სახელმწიფო (დედაქალაქი დიარბაქირი). უზუნ-ჰასანის გამგებლობის დროს (1453–78) ა. გაძლიერდა, გაანადგურა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო და დაიკავა სომხეთი, აზერბაიჯანი, ერაყი და დას. ირანი. XV ს. 60–70-იან წლებში ოსმ. წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ა-მ კავშირი დაამყარა ვენეციასთან, რომის პაპსა და უნგრეთთან. ანტიოსმ. კოალიციის შექმნას მხარს უჭერდა საქართველოც. 1473 ოსმალებმა თერჯანასთან ბრძოლაში დაამარცხეს ა-ს ლაშქარი. XV ს. 70–90-იან წლებში უზუნ-ჰასანმა და იაყუბ-ფადიშაჰმა რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოში, რ-ის მიზანი იყო ნადავლის მოპოვება. ამავე პერიოდში იყო რამდენიმე ცდა სახელმწიფოში საგადასახადო რეფორმების გატარებისა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. XV ს. უკანასკნელ მეოთხედში ფეოდ. შინაბრძოლებმა და ხალხის მასების უკმაყოფილების ზრდამ დაასუსტა სახელმწიფო, ხოლო 1502 ყიზილბაშებმა ისმაილ სეფიანის მეთაურობით ბოლო მოუღეს მას.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: კიკნაძე რ., საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს. მეორე ნახევარში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7; ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), ვ. გაბაშვილის რედ., თბ., 1957; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2.).
რ. კიკნაძე