აშელის კულტურა, აშელის ეპოქა, ქვედა პალეოლითური არქეოლოგიური კულტურა. სახელი ეწოდა ჩრდ. საფრანგეთში, ქ. ამიენის მახლობლად, მდ. მარნის ტერასაზე მდებარე ადგილის სენტ-აშელის (Saint-Acheul) მიხედვით. ა. კ. ჩამოყალიბდა აღმ. აფრიკაში 1.500.000–1.300.000 წლის წინ, სადაც შეცვალა ოლდუვაის კულტურა. Homo erectus-ის განსახლებასთან ერთად ა. კ. აფრიკიდან გავრცელდა ევროპასა და აზიის სამხრ. ნაწილში. ა. კ-ის გავრცელების უკიდურესი ჩრდ.-აღმ. რეგიონია პეკინის მიდამოები (ჩინეთი). 200.000–120.000 წლის წინ ა. კ. შეცვალა მუსტიეს კულტურა|მუსტიეს კულტურამ. ა. კ-ს ყოფენ 3 ნაწილად: ძველ ანუ ადრინდ., შუა და გვიანდ. აშელად.
ა. კ-თვის დამახასიათებელია ქვის ორმხრივ დამუშავებული უნივერს. იარაღი – დიდი ზომის (10–30 სმ) ნუშისებრი ფორმის ხელცულები, ცულის მსგავსი სწორპირიანი იარაღი, უხეში საჩეხი იარაღი და ა. შ. გვიანდ. აშელის პერიოდში ქვის გაპობაში გაჩნდა ახალი, ე. წ. ლევალუაზური ტექნიკა, რ-ისთვისაც დამახასიათებელია საგანგებოდ მომზადებული ნუკლეუსები (გულგულა). ამ პერიოდის ადამიანი სარგებლობდა ცეცხლით, მისდევდა ნადირობას და შემგროვებლობას. საზ-ბა პირველყოფილი თემური წყობილების განვითარების ადრეულ საფეხურზე იდგა. საქართველოში ა. კ-ის 100-მდე ძეგლია ცნობილი თითქმის ყველა ლანდშაფტურ ზონაში – მთისწინა ზოლიდან დაწყებული მაღალმთიანეთის ჩათვლით. მ. შ. აღსანიშნავია იაშთხვა და ბირცხა სოხუმთან, ლაშებალთა ისტ. შიდა ქართლში, სარბები და ჯოყოეთი ჭიათურის ზონაში. განსაკუთრებით საყურადღებოა 4 მრავალფენიანი ნამოსახლარი – წონა, კუდარო I და კუდარო III|III, ზიარი. ა. კ-ის უძველესი ნაშთები საქართველოში (1 000 000 წლის) აღმოჩნდა დმანისის ნაქალაქარის ქვეშ, ადრეპლეისტოცენური ასაკის ტბიურ ნალექებში. აღმ. და დას. საქართველოს ძეგლები განსხვავდება ერთმანეთისაგან. დას. საქართველოში აღმოჩენილ ა. კ-ის მრავალრიცხოვან ქვის ნაწარმში თითო-ოროლა ხელცულია, მაშინ როცა აღმ. საქართველოში (იორ-ალაზნის აუზის გამოკლებით) მცირერიცხოვან კომპლექსებშიც კი ხელცულებს წამყვანი ადგილი უკავია. აღმ. საქართველოში იარაღის დასამზადებლად უმთავრესად ვულკანურ ქანებს იყენებდნენ, დას. საქართველოში კი – კაჟს.
დ. თუშაბრამიშვილი