აშორო, აშოროს, აშა (<არაბ. ჰაშა – არამც და არამც, არასოდეს; უარყოფა), ძვ. ქართულ სასამართლო პროცესში – ბრალდებულის მიერ ბრალდების, ანდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხელაღებით უარყოფა. ა-ს სარწმუნოებრივი ხასიათიც ჰქონდა, მისი წარმოთქმის ფორმულა იყო: „აშოროს!“, „აშოროს ღმერთმან!“, რაც ნიშნავდა – ღმერთმა ნუ ქნას, ღმერთმა დამიფაროს ესა და ეს მე მექნას ... მე მემართოსო. ამგვარი უარყოფის ფაქტზე იტყოდნენ „ა. თქვა“, „ა. ჰყო“, „აშა ჰკრაო“. ასეთი ლიტონი უარყოფის გარდა, ა-ს ზოგჯერ თან ახლდა ახსნა-განმარტება. თუ დავა სხვა სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გადაწყდებოდა, ა-ს თქმას მოსდევდა ფიცის დადება ან ღვთის მსჯავრი (მაგ., ორთაბრძოლა). როცა ბრალდებული თუ მოპასუხე გადაჭრით არ უარყოფდა ბრალდებას (მოთხოვნას), მაშინ ფიცს მომჩივანი დებდა; ასეთ შემთხვევაში ამბობდნენ, „ა. მას დარჩაო“. საერთოდ ა. ფიცის სინონიმიც იყო („ა. ითხოვა“ – ე. ი. ფიცი ითხოვა).
ეს ტერმინი XVII–XVIII სს. მასალებში გვხვდება, მაგრამ სავარაუდოა, რომ უფრო ადრინდ. წარმოშობისაა. ხატოვანი თქმა „აშას კვრა“ ჯიქური, ლიტონი უარყოფის მნიშვნელობით ქართ. სალაპარაკო ენაშიც დამკვიდრდა, გვხვდება XIX ს. მხატვრულ ლიტერატურაშიც.
წყარო: სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა, მმ. 86, 206, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 2, ტფ., 1909, საბ. 41, 444; ტ. 3, ტფ., 1910 საბ. 438; ქართლის ცხოვრება, დ. ჩუბინაშვილის გამოც., ნაწ. 2, სპბ., 1854, გვ. 535.
დ. ფურცელაძე