აშუღი

აშუღი [<არაბ. აშიკის (მიჯნური) აზერბ. ფორმა], სახალხო მგოსან-მომღერალი, იმპროვიზატორი. ა. თხზავდა სასიმღერო ტექსტს, უწყობდა ჰანგს და ასრულებდა სიმებიანი საკრავის-საზის თანხლებით (თურქეთში ა-ს საზის პოეტს უწოდებენ). ორიგინ. რეპერტუარის გარდა ა. სხვათა მიერ შექმნილ ლირ. სიმღერებსა და ხალხ. დასთანებსაც ასრულებდა (იხ. აშუღური პოეზია). ა-ის ასპარეზი იყო დღეობა, ქუჩა, ბაზარი, ყავახანა, ზოგჯერ ფეოდალის, მბრძანებლის სასახლე. არსებობენ პროფესიონალი და მოყვარული ა-ები.

აშუღობა ჩაისახა XV–XVI სს. თურქეთსა და აზერბაიჯანში, გავრცელდა კავკასიაში (აზერბაიჯანი, დაღესტანი), ქრისტ. რეგიონშიც (საქართველო, სომხეთი). საქართველოში ძირითადად თბილისში გავრცელდა. XVIII ს. თბილისელ ა-თა შორის არ იყო შენარჩუნებული ტიპური კლასიკური სახის აშუღური მუსიკა და შესრულების ხელოვნება, რაც გამოიხატებოდა რეპერტუარში და სხვადასხვა მუს. საკრავების გამოყენებაშიც (აშუღის მუს. ინსტრუმენტი მხოლოდ საზი იყო). თბილისელი ა-ების ქიჩიქნოვას, სეირანის, ბუდაღოღლანის, შამჩი მელქოს თუ სხვათა რეპერტუარში აღარ ჩანს აშუღური ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი აღმოსავლური დასთანის თხრობის და საერთოდ იმპროვიზაციის კულტურა. ფაქტობრივად იგი აღმ. ქვეყნების პოეტურ-მუს. ხელოვნებისა და ადგილ. კულტურის კონგლომერატს წარმოადგენდა.

აშუღობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი აჭარაში, აგრეთვე ახალქალაქის, მარნეულისა და ასპინძის რაიონებში. აჭარაში სახ. მთქმელებს ა-ებს ეძახდნენ. ზემო აჭარაში ცნობილი ა-ები იყვნენ ქიბირ კახიძე, რეჯებ მჟავანაძე და სხვ. ისინი ლექსებს თვითონ თხზავდნენ და ასრულებდნენ კიდეც. ზოგიერთი დღესაც პოპულარულია.

გ. შაყულაშვილი