აჩაქველი

აჩაქველი, შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. მდებარეობს დუშეთის რ-ნში, ფშავის არაგვისა და მთიულეთის არაგვის ხეობებს შორის ხორხის ხეობის სათავეებში, სოფ. ზემო ხორხის მახლობლად. თითქმის მიუვალ ალპ. ზონაში ციხის აგება, როგორც ჩანს, უნდა განხორციელებულიყო სახელმწ. დონეზე და ისეთი გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული, როგორიცაა: ხორხის ხეობაზე ბატონობა, იქ გამავალი გზებისა და საძოვრების კონტროლი, ჟინვალის „ქვეყნის“ დაცვა ჩრდ-იდან და სხვ. კომპლექსი ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. კონუსური მთის მაღალ თხემზე აღმართულ მძლავრ ციხესიმაგრეს გეგმით ოვალური, კონტრფორსებით გამაგრებული გალავანი არტყია. კომპლექსში ყველაზე შემაღლებულ ადგილზე დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რ-საც აღმ-ით ნალისებრი მოყვანილობის აფსიდი აქვს. ეკლესიის მახლობლად სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია, რ-თა შორის ყურადღებას იქცევს აღმ-ით მდებარე დიდი, თაღოვანი, შიგნიდან შელესილი სათავსი თავისი ჩასასვლელი კიბითა და პატარა თახჩით სამხრ.-დას. კედელში. ციხესიმაგრის კარიბჭე მოწყობილი იყო გალავნის შედარებით ნაკლებად დაცულ ნაწილში, მასთან მისასვლელი დაახლ. 25 მ დაშორებით საგანგებოდ მოწყობილი თხრილით იყო გადაკეტილი. კომპლექსი ძირთადად მოთეთრო-მოყავისფრო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ნატეხებითაა ნაგები. უფრო მნიშვნელოვანი შენობებისათვის (კარიბჭე, გალავანი, ეკლესია) გამოყენებულია სუფთად დამუშავებული ქვა და მაღალხარისხოვანი დუღაბი.

1971 ჩატარებული არქეოლ. გათხრების დროს გამოვლენილი მასალიდან აღსანიშნავია შუა საუკ. ბრინჯაოს ჭრაქი, კარგად დამუშავებული კლდის ქვა, რ-ის ვიწრო შუბლზე ნუსხახუცურით შესრულებული ერთსტრიქონიანი წარწერაა ამოკვეთილი.

ლიტ.: რამიშვილი რ., წითლანაძე ლ., ჯორბენაძე ბ. და სხვ. ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის 1971 წლის მუშაობის წინასწარი შედეგები, წგ.: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1971 წელს, თბ., 1972.

რ. რამიშვილი