აჩაჩა, აჩაჩი, ძველებური ქართული სახვნელი იარაღი (კავი), რ-იც გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით ფშავსა და ქართლ-კახეთში. შედგებოდა კავიანი მხარის ანუ რვილის, ქუსლ-კბილას, ერქვანის, ხმალას, სახნისის, საკვეთელისა და სოლებისაგან. მხარი ქუსლში იყო ჩამჯდარი ან ხელნაში გაყრილი. ფშაური ა. კახურზე დიდი ზომისა იყო და გამწევი ძალაც მეტი სჭირდებოდა. ფშაურში ყევარ ხარს აბამდნენ, კახურში – უღელს, ა-თი მუშაობას 2–3 კაცი სჭირდებოდა და დღეში შეიძლებოდა 3000–4000 მ² მიწის მოხვნა 10–15 სმ სიღრმეზე. ამ ტიპის სახვნელი იარაღი გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. ტიპოლოგიურად ა. ენათესავება ძვ. აღმოსავლურ (შუმერულ, ბაბილ., ასურ.) და ხმელთაშუა ზღვის სახვნელებს.
ლიტ.: ჩიტაია გ., ხევსურული და ფშავური აჩაჩა «დროშა», 1929, № 12; მისივე, Пахотные орудия и системы земледелия в Грузии, М., 1960.
გ. ჯალაბაძე