აჩაჩა ურემი, აჩეჩა ურემი, ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა. იყენებდნენ ყოველგვარი ტვირთის საზიდად. გავრცელებული იყო დას. საქართვ. მთაგორიან ადგილებში – ზემო და შუა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოს ზოგ კუთხეში. ზემო იმერეთის ძნელად სავალ ადგილებში დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ა. უ. საქართველოში ზოგადად ცნობილია იმერული ურმის სახელით. იგი ქართ. ორთვლიან ურემზე პატარა და ბევრად უფრო დაბალია, კონსტრუქციულადაც მისგან რამდენადმე განსხვავებული. ა. უ-ში შერწყმულია გორვის (თვლები) და თრევის (ფრჩხილა) პრინციპი. დაღმართში ფრჩხილები ავტომატურად ამუხრუჭებს მას – რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო მეტად აწვება ძარა ფრჩხილებს და აძნელებს სვლას. ვაკეზე და აღმართში ფრჩხილები ნაკლებად ეხება, ზოგჯერ კი სულ სცილდება მიწას. მნიშვნელობა აქვს ძარაზე ტვირთის სწორ განაწილებას. კონსტრუქციულად ა. უ. წააგავს ქართ. წეწენა – წინამავალ სახვნელებს (ქსნური მთის გუთანი ანუ აჩაჩა, რაჭული სახვნელი). ფრჩხილებიანი საზიდრის კონსტრ. ანალოგები გვხვდება ევრ. ზოგიერთ მთაგორიან კუთხეში (პირენე, ალპები).
ლიტ.: გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, [ტ.] 1, თბ., 1956.
მ. გეგეშიძე