გიორგი ალექსანდრეს ძე (27. IV. 1871, ცარსკოე-სელო, – 28. VI. 1899, აბასთუმანი), რუსეთის იმპერიის მემკვიდრე უფლისწული (1894–99) და დიდი მთავარი. იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი. ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა.
1892-იდან ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა გ. ა. კურორტ აბასთუმანში დასახლდა, სადაც საკუთარი სახსრებით აიშენა ხის საზაფხულო სასახლე მაღალმხატვრული ინტერიერითა და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯით. 90-იანი წლების მეორე ნახევარში მისივე ინიციატივით იქვე აშენდა ქვის სასახლე. იმპ. ალექსანდრე III-ის დავალებით აბასთუმანში 1893–95 მიიწვიეს გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვ. ო. კლიუჩევსკი, რ-იც დიდ მთავარს რუსეთისა და კავკასიის ისტ. კურსს უკითხავდა. სამხრ. საქართველოში ერთ-ერთი მოგზაურობისას გ. ა. აღფრთოვანებულა ზარზმის ეკლესიით და გადაუწყვეტია საკუთარი ხარჯებით მსგავსი ეკლესიის (მომცრო ზომის) აგება აბასთუმანშიც.
1895–98 აბასთუმნის ცენტრში, მდ. ოძრხეს ნაპირას, თბილისში მოღვაწე ცნობილი ხუროთმოძღვრის ო. სიმონსონის პროექტით აიგო წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია და სამრეკლო, რ-იც ახ. ზარზმის ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი.
გ. ა. ადრეული ასაკიდან გატაცებული ყოფილა ასტრონომიით, რაც აბასთუმანში მისი ყოფნის დროს უფრო გაცხოველებულა. 1892 მაისში მან მოიწვია ცნობილი ასტრონომი ს. გლაზენაპი. გ. ა-მ მასთან ერთად შეარჩია ხელსაყრელი ადგილი და საკუთარი ხარჯებით ააშენა იმპერიაში პირველი სამთო ასტრონ. კოშკი (ე. წ. „გიორგისეული“), სადაც დადგა მცირე ზომის ტელესკოპი (1932 აშენებული საქვეყნოდ ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წინამორბედი).
გ. ა. უეცრად გარდაიცვალა აბასთუმანში მოპედით სეირნობისას. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მამამისის სარკოფაგის გვერდით.
წყარო: „Правительственный Вестник“, 1899, №142, 146, 150, 152; Кавказский календарь на 1900 год, Тфл.,1899.
ლიტ.: ს ა ლ უ ქ ვ ა ძ ე გ., აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსების ისტორიისათვის, «აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი», 2008, № 78; Б а р а т а ш в и л и К., Любовь и ცердце цесаревича, «Русский клуб», 2009, №11.
გ. ლორთქიფანიძე