აჩხოტი

აჩხოტი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. თერგის მარჯვ. მხარეს, საქართველოს სამხ. გზაზე. ზ. დ. 1760 მ, სტეფანწმინდიდან 5 კმ. 167 მცხ. (2014).

სოფლის მახლობლად მდ. თერგისა და სნოსწყლის შესართავში, შემორჩენილია XVI–XVII სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სადარაჯო კოშკი. მას სტრატეგიულად მეტად საპასუხისმგებლო ადგილი უჭირავს. ხევის მთავარი საგზაო არტერიიდან, რ-იც თერგზე გადიოდა, სნოს ხეობით ერთი გზა შიდა ქართლში გადადიოდა, მეორე – ფშავსა და ხევსურეთში. იმავე ხეობით ჩრდილოეთიდანაც გადმოდიოდნენ მტრები. იგი ორივე ხეობას მარჯვედ ზვერავს. კოშკი გეგმით კვადრატულია. ისევე, როგორც ყველა ცალკე მდგარ კოშკს, ამასაც შესასვლელი მეორე სართულიდან აქვს. ნაგებია ადგილ. კლდის ქვით. კოშკის კუთხეებისა და კარის წირთხლებისათვის გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვა.

პ. ზაქარაია