აძაბის (ეშერის) მღვიმე, კარსტული მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში, გუმიშხა-ფსირცხის კირქვულ მასივში. სოფ. ზემო ეშერის ტერიტორიაზე, მდ. გუმისთის ხეობის მარჯვ. ფერდობზე, ზ. დ. 245 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. იწყება ეფექტური ჩასასვლელით (10 მX5 მ) და სიღრმეში თანდათან ვიწროვდება, ბოლოში კი ორად იტოტება. ჯამური სიგრძე 280 მ; მაქს. სიგანე – 8,5 მ, სიმაღლე – 12, მ. აქვს წყლიანი განშტოებები; მიწისქვეშა გამდინარე ნაკადული აჩენს პატარ-პატარა ტბებს. წყლის ტემპ-რა 13,2ºC, ჰაერისა შესასვლელთან – 22,8º, მღვიმეში 120 მ-ზე – 12,8º. ქიმ. ნალექებს თითქმის მოკლებულია. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, კიბოსნაირები, მწერები და სხვ. მღვიმის ძირითადი მაგისტრალი პირველად აიგეგმა 1960 შ. ყიფიანისა და ზ. ტატაშიძის მიერ. მღვიმე ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.