აძვი

აძვი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ახალუბნის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ. აძურის (მეჯუდის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 820 მ, გორიდან 23 კმ. 353 მცხ. (2014).

ა. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) გვერდისძირის თემის სოფელთა სიაში. 1398 მეფე ალექსანდრემ ა-ის შეწირულობა განუახლა მცხეთის სვეტიცხოველს. 1865 ა. თავისი 29 ქართვ. კომლით გორის უბნის ა-ის სასოფლო თემში შედიოდა. სოფლის განაპირას 1743 წ. 21 ივნ. მოხდა ბრძოლა აჯანყებულ ქართველებსა და ყიზილბაში სარდლების აჯი-ხანისა და ალი-ხან ავღანის მრავალრიცხოვან ჯარს შორის. აჯანყებულებმა გივი ამილახვრის მეთაურობით დაამარცხეს სპარსელები.

სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, გორაკზე, წმინდა მუხის ტყეში დგას წმ. გიორგის VIII–IX სს. ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. გამოყენებულია აგურიც. ეკლესია დაზიანებულია. სოფლის შუაში XIX ს. სამების ერთნავიანი ეკლესიაა. სამხრ-იდან მიშენებული აქვს თაღებით გახსნილი ორსართულიანი კარიბჭე-სამრეკლო. სოფლის შუაში დგას აგურით ნაგები XIX ს. ასევე ერთნავიანი ეკლესია.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე