ბებრისციხე

ბებრისციხე, ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქართლში (მცხეთის მუნიც.), მცხეთის ჩრდ-ით, კეტავდა არაგვის ხეობაში შემავალ გზას, ვახუშტი ბატონიშვილი მას ბელტისციხეს უწოდებს, შემაღლებულ კონცხზე აღმართული ციხე კარგად ნაწყობი, თითქმის თანაბარი ქვებითაა ნაგები.

ციხის მთავარი ნაწილი იყო გეგმით სამკუთხა ციტადელი, რ-ის სამივე კუთხეში კოშკები იდგა. მათგან ყველაზე დიდია სამხრ.-აღმ. კოშკი. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, და როგორც ჩანს, არა მარტო საბრძოლო, საცხოვრ. დანიშნულებისაც იყო. ჩრდ. კოშკიც ამავე ტიპისაა, მხოლოდ უფრო პატარა.

ორივე კოშკში შემორჩენილია ღრმა ნიშებში დატანებული საბრძოლო ხვრელები, რ-ებიც ალბათ ისრის სასროლად იყო გამიზნული. მესამე, აღმ. კოშკი დანგრეულია და მის ადგილზე, მოგვიანებით, გეგმით ცილინდრული საგუშაგო კოშკი აუგიათ. გალავნის ბოლოში კიდევ ერთი, ზემოაღწერილი კოშკების მსგავსი, გეგმით ოთხკუთხა კოშკი იდგა.

ბ-ის მიდამოებში დადასტურებულია ანტ. და ფეოდ. ხანის არქეოლ. ფენები.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია