ბებურიშვილი მალხაზ ალექსანდრეს ძე (3. IV. 1932, თბილისი – 12. III. 2018, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990).
1954 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1954–56 მუშაობდა ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში, 1956–57 – თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში, 1957–59 სოხუმის, 1959-იდან კი კვლავ კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობია. წარმატებით ქმნიდა როგორც დრამატულ, ისე მკვეთრად სახასიათო სახეებს. ბ-ის მრავალფეროვან სცენურ სახეთაგან აღსანიშნავია: კოლომიიცევი (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია“), არზაყან ზვამბაია (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), ჰემონი, კრეონი (სოფოკლეს „ანტიგონე“, „ოიდიპოს მეფე“), ჯოყოლა („ორი პოემა“ ვაჟა-ფშაველას მიხედვით), მთხრობელი (თ. გოდერძიშვილის „ილია ვარ“), ბეგთაბეგოვი (ო. მამფორიას „იეთიმ გურჯი“) და სხვ.
ბ-მა შთამბეჭდავი სახეები შექმნა ფილმებში: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (გიგია, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1954); „ჭიაკოკონა“ (როინი, რეჟ. ი. ქავთარაძე,1961); „შეხვედრა წარსულთან“ (გიორგი, რეჟ. ს. დოლიძე, 1966.); „ჯვარცმული კუნძული“ (ოთარი, რეჟ. შ. მანაგაძე, 1968) „ლევან ხიდაშელი“, (ლექსო, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1973), „გაქცევა გათენებისას“ (არონი, რეჟ. ს. დოლიძე, 1975), „დათა თუთაშხია“ (ელიზბარი, რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, (1978), „მევლუდი“(ჭანუყვაძე, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1985) და სხვ. მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში „გამარჯობათ, ჩვენო მამებო“ (მასწავლებელი), „ირინეს ბედნიერება“ (ვიქტორი), „დავიწყებული ამბავი“ (რევაზი) და სხვ.
შ. ცუცქირიძე