ბეგალიშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე (15, I. 1923, თბილისი, – 26. XI. 1989, იქვე), მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი) და პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1952). პროფესორი (1964).
1944 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (ლ. იაშვილის სავიოლინო კლასი). 1944–67 უკრავდა საქართვ. სახელმწ. სიმებიან კვარტეტში. ბ. იყო საქართვ. ფილარმონიისა და რადიოს სოლისტი. მის შესრულებას ახასიათებდა მაღალი პროფესიონალიზმი, ემოციურობა. იგი ქართვ. კომპოზიტორების, აგრეთვე მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებების ჩინებული ინტერპრეტატორი და ქართვ. კომპოზიტორების მიერ ალტისათვის დაწერილი მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო.
სსრკ სახელმწ. პრემიისა (1952) და სიმებიანი კვარტეტების პრაღის საერთაშ. კონკურსის (1952) ლაურეატი (კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად).
გ. ტორაძე