ბეგარა

ბეგარა, 1. საბატონო ბ., კაპიტალიზმამდელი მიწის რენტის ერთ-ერთი ფორმა (შრომამიგებითი რენტა), გულისხმობს ყმა გლეხის უნაცვალგებოდ მუშაობას მემამულის მიწაზე საკუთარი ინვენტარითა (შრომის იარაღები) და ცოცხალი გამწევი ძალით. ბ-ის პირობებში მიწის მფლობელი ითვისებდა ყმა გლეხის ზედმეტ შრომას და ხშირად აუცილებელი შრომის ნაწილსაც. ამასთან, ყმა გლეხის ზედმეტი და აუცილებელი შრომა, ე. ი. შრომა მიწისმფლობელისათვის და თავისთვის ერთმანეთისაგან გათიშული იყო სივრცესა და დროში. კვირაში სამ დღეს ან მეტს ყმა გლეხი მემამულის მიწაზე მუშაობდა თავისი შრომის იარაღებითა და გამწევი ძალით, დანარჩენ დღეებს კი – თავისთვის, თავის ნაკვეთზე. ბ-მ დიდი როლი ითამაშა ევრ. ფეოდალიზმის ისტორიაში.

„ბ.“ სპარს. წარმომავლობის სიტყვაა და ქართულში V–VI სს-ში უნდა იყოს შემოსული. ფეოდ. საქართველოში „ბ.“ აღნიშნავდა მკვიდრი გლეხის მიერ მიწის ფლობასთან დაკავშირებულ გამოსაღებს (ნატურალურსა და ფულადს). იგი შრომით ვალდებულებასაც გულისხმობდა. ბ. საქართველოში კომლობრივი იყო. კომლი საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (ქართლი, კახეთი, იმერეთი, მთიანეთი) სხვადასხვანაირად იბეგრებოდა. არსებობდა ბ-ის სხვადასხვა სახეობა: ზოგიერთი ბ. საპატიოდ ითვლებოდა (მაგ., მეფისა და დედოფლის კარზე სამსახური, ლაშქრობაში ხლება და ა. შ.), ზოგიერთი ბ. (ხვნა, თესვა, მკა, ვენახში მუშაობა და ა. შ.) – ჩვეულებრივად, ზოგიც დამამცირებლად (ტვირთის ზიდვა ზურგით და სხვ.).

საპატიო ნატურალური ბ. იყო ძღვენი და სამასპინძლო, ჩვეულებრივი ნატურალური ბ. – განსაზღვრული რაოდენობის მარცვლეულის, ღვინის, ხორცის, ერბოს, ფრინველის, კვერცხის და ა. შ. გადასახადი ბატონის (პატრონის) სასარგებლოდ.

ბ-ის ასეთი დანაწილება ქართვ. გლეხის სოც.-ეკონ. და უფლებრივი მდგომარეობით იყო განპირობებული. შეღავათიანი ბ. ეკისრებოდა პრივილეგირებულ გლეხებს, ზოგჯერ ღარიბ („შეუძლო“) გლეხებსაც. ფეოდ. მეურნ. პირობებში წამყვანი იყო ნატურალური ბ.: ქვეყნის ეკონომიკისა და კულტ. აღმავლობის პირობებში სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარების შესაბამისად შეიმჩნევა ფულადი ბ-ის ზრდა. ქვეყნის მოწინავე ადამიანები ცდილობდნენ მიეღწიათ გლეხთა ექსპლუატაციის რეგალმენტაციისა და ბ-ის ნორმალიზაციისათვის. ბ-ის ძირითადი სახეობა თავი ბ. იყო, რასაც თაობიდან თაობამდე იხდიდა კომლი. თავი ბ-ის სახეობა დამოკიდებული იყო ამა თუ იმ მხარის ეკონ. განვითარების თავისებურებაზე, ძირითადად მეურნეობრივ მიმართულებაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა). ქართ. კომლის სხვადასხვაგვარად დაბეგვრის შესაბამისად თავი ბ-ც სხვადასხვა სახის იყო [ნატურალური – მარცვლეული, ღვინის, საკლავის გამოღება და შრომითი – სხვადასხვა სახის მიწის სამუშაოების (ხვნა, თესვა, რწყვა, მკა, ბარვა და სხვ.) შესრულება]. ქართველი გლეხი ფულად ბ-საც იხდიდა, მაგრამ არასოდეს თავი ბ-ის მნიშვნელობა არ ჰქონია.

2. შრომითი ბ., გადაუდებელი საზოგადოებრივ-აუცილებელი სამუშაოს შესრულების მოვალეობა, რაც ეკისრებათ მოქალაქეებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 1922 შრომის კანონთა კოდექსის გამოცემის შემდეგ შრომითი ბ. მშვიდობიან პირობებში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვებოდა, კერძოდ, სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის დროს. II მსოფლიო ომის დროს სამხ. ხელისუფალთ უფლება მიეცათ შრომითი ბ. გამოეყენებინათ თავდაცვითი სამუშაოების შესასრულებლად.

3. სამხედრო ბ., სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მოხდის კანონით დადგენილი მოვალეობა. იხ. სამხედრო ბეგარა.