ბედიის საეპისკოპოსო

ბედიის საეპისკოპოსო, ეპარქია შუა საუკ. საქართველოში.

დააარსა XI ს. დასაწყისში ბაგრატ III-მ გუდაყვის საეპისკოპოსოს ნაცვლად. საქართვ. ერთიანობის (XI–XV სს.) ხანაში ბედიის ეპისკოპოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო საქართვ. ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაყოფის შემდეგ – აფხაზეთის ანუ დას. საქართველოს კათოლიკოსს.

ოდიშის სამთავროს შექმნის (XVI ს.) შემდეგ ბედიის ეპისკოპოსებს ჩვეულებრივ ოდიშის მთავრები ნიშნავდნენ და აფხაზეთის კათალიკოსები ამტკიცებდნენ.

გვიანდ. შუა საუკუნეებში ბ. ს. დაახლ. მდ-ებს მოქვსა და ოქუმისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავდა.

თავდაპირველად ბედიის ეპისკოპოსები მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ; XVIII ს-ში ისინი თავს მიტროპოლიტებს ან კიდევ მიტროპოლიტ-მთავარეპისკოპოსებს უწოდებენ.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს (XII ს.) მოხსენიებული ჰყავს სვიმონ ბედიელ-ალავერდელი, რ-მაც შემდგომ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობა მიიღო. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული არიან მიქელ, მარკოზ და მელიქზედეგ ბედიის ეპისკოპოსები, რ-ებიც XIII–XV სს-ში მოღვაწეობდნენ. სოფრონ ბედიელი მოხსენიებული იყო ბედიის ტაძრის სამრეკლოს წარწერაში, რ-იც XIII ს. II ნახევრით თარიღდება. ცაიშელ-ბედიელი იოვაკიმი ცნობილია XV ს. 70-იან წლებში (1470–74 აკურთხეს აფხ. კათოლიკოსად). XVI–XVIII სს. ბედიის ეპისკოპოსებს შორის ცნობილი არიან კვირილე ჟვანიძე, გერმანე ჩხეტისძე. ბედიის უკანასკნელი ეპისკოპოსი, როგორც ჩანს, მიტროპოლიტი მაქსიმე იყო, რ-იც მოხსენიებულია დას. საქართველოს 1759 და 1761 საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის. ამ დროისათვის ბ. ს. აფხაზეთის სამთავროს საზღვრებში იყო შესული. ამის შემდეგ ბ. ს. წყაროებში აღარ იხსენიება.

თ. ბერაძე