ბედიის ტაძარი

ბედიის მონასტერი

ბედიის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ოჩამჩირის მუნიციპ. სოფ. აგუბედიაში (აფხაზეთი).

კონცხისებრი თხემი, რ-ზედაც სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა – ბ. ტ-ია აღმართული, სამი მხრიდან შემოზღუდულია შვეული კლდეებით, მისასვლელი აქვს მეოთხე მხარეს – დას. მხრიდან.

გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით ტაძარი თავდაპირველად X–XI სს. მიჯნაზეა აგებული. განახლებული ნაგებობა XIII–XIV სს. მიეკუთვნება. ბაგრატის ტაძრისაგან განსხვავებით, რ-ითაც დასრულდა VIII–X სს. ხუროთმოძღვრულ ძიებათა ეპოქა, ბ. ტ. წარმოადგენს ძვ. ქართ. საკულტო ნაგებობათა იმ ტიპის უადრეს ნიმუშებს, რ-იც XI–XIII სს-ში გაბატონდა და უფრო დახვეწილი ფორმით შემდგომ საუკუნეებში განაგრძო არსებობა.

ტაძრის თავისებურებას წარმოადგენს მისი გეგმა, რ-იც აღმ-იდან დას-კენ გრძივ ღერძზე ძლიერ წაგრძელებულია, ხოლო გვერდის ნავები იმდენად ვიწროა, რომ შიგნიდან გუმბათოვანი დარბაზის შთაბეჭდილება იქმნება. გუმბათი ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებს ეყრდნობა. შესასვლელი სამია – სამხრ-იდან, ჩრდ-იდან და დას-იდან. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი ქვით, შიგნით წყობა უხეშია.

როგორც ჩანს, იმთავითვე გათვალისწინებული იყო კედლების მოხატვა. შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები სამ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. პირველი, ყველაზე ადრინდ. ფენა X ს. დასასრ. და XI ს. დასაწყისით თარიღდება – ეს არის სამხრეთის კედლის მოხატულობა, რ-ზედაც გამოსახული არიან ქტიტორი – ბაგრატ III ეკლესიის მოდელით ხელში – და ადგილ. ფეოდალების – დადიანების – გვარის წარმომადგენლები. მეორე ფენა XIII–XIV სს., ტაძრის განახლების დროინდელია. ყველაზე გვიანდ. ფენა XVI–XVII სს-ით თარიღდება.

მონასტრის დას. მხარეს საკმაოდ დიდი სასახლისა და სამრეკლო კარიბჭის (XIV ს.) ნანგრევებია. კომპლექსს გარს ერტყა გალავანი. XIX ს. დასასრ. ტაძარი უკვე მცენარეებით დაფარულ ნანგრევებს წარმოადგენდა. 1952, 1968–71 და 1985 წწ. ძეგლს ჩაუტარდა აღდგენა-გამაგრების სამუშაოები (არქიტექტორები ლ. ხიმშიაშვილი, ი. ვარსიმაშვილი, ვ. საყვარელიძე, მ. ურიდია), რამაც იგი დაღუპვისგან იხსნა.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ვ ა რ ს ი მ ა შ ვ ი ლ ი  ი., ბედია, «ძეგლის მეგობარი», 1973, № 31 – 32; Ш е р в а ш и д з е  Л. А., Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980.