ბედიის ჭედური თასი, ქართული ჭედური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში. ბაჯაღლო ოქროს ბარძიმი (სიმაღლე 12,5 სმ, დიამეტრი 14 სმ; ფეხი არ შემორჩა).
ბარძიმის ზედა კიდეში ასომთავრული წარწერაა, რ-ის თანახმად აფხაზთა მეფე ბაგრატ III-სა და მის დედას – დედოფალ გურანდუხტს – თასი მათ მიერ ახლად აშენებული ბედიის ტაძრისათვის შეუწირავთ, რაც თასის მოჭედილობას 999 წლით ათარიღებს. ბარძიმის ზედაპირი სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით 12 არედაა დაყოფილი, თითოეული თაღის ქვეშ თითო რელიეფური, მთლიანი ფიგურაა გამოსახული, რაც უწყვეტ რიტმს ქმნის. ფიგურებს შორის გამოიყოფა ორი, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მოქცეული, გამოსახულება: ტახტზე მჯდომი ქრისტე და მარიამი ჩვილით ხელში. მათ ორივე მხარეს მოციქულთა და მახარებელთა ფიგურებია განლაგებული. ფიგურები საკმაოდ მაღალი რელიეფითაა დამუშავებული და პლასტიკურად გააზრებული, თითოეულის თავი და ზოგიერთის ხელიც თითქმის მრგვალი ფორმითაა გადმოცემული. თავი და სახის ნაკვთები (განსაკუთრებით ქრისტესი და მარიამისა) მოდელირებულია. ზოგიერთი ფიგურა ნაკლებად მეტყველია და ინდივიდუალობას მოკლებული. ჩანს რელიეფის ხაზობრივი გადაწყვეტის ტენდენცია (ტანსაცმლის ნაოჭების დეკორ. დინება). ბედიის თასის მოჭედილობაში ნათლად აისახა X–XI სს. ქართ. ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები – ძიება საკუთრივ სკულპტურული მონუმ. გამოსახულებისა.
ბ. ჭ. თ. დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში.
ლიტ.: ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ბედიის ოქროს ბარძიმი, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; მისივე, ქართული ოქრომჭედლობა VIII–XVIII სს., თბ., 1957; მისივე, Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.
რ. ყენია