ბეთანიის სამაროვანი

ბეთანიის სამაროვანი, VI–VIII სს. არქეოლოგიური ძეგლი ბეთანიის XII ს. ტაძრის სამხრ-ით 3 კმ-ზე, სამადლოსა და ვერის ხევებს შორის.

შესწავლილია ვრცელი სამაროვნის ნაწილი (11 სამარხი). ქვიშაქვის ფილებით ნაგებ სამარხებში არაერთდროულად დაკრძალული იყო რამდენიმე მიცვალებული. სამარხეული მასალა: სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები (რკინისა და სპილენძის მშვილდსაკინძები და ბეჭდები; პასტის, მარჯნის და სარდიონის თავებიანი საკინძები; სარდიონთა და მარგალიტით შემკული ბრინჯაოს საყურეები). ფეოდ. ხანაში აღნიშნული რ-ნი ინტენსიურად ყოფილა დასახლებული (ნახშირგორა, კვერეთი, უბკურა და სხვ.), რამაც, შესაძლოა, განსაზღვრული როლი ითამაშა ბეთანიის XII ს. ტაძრის აშენებაშიც. ბეთანიის სამოსახლო შედიოდა თბილისის სამეურნეო ზონაში.

ლიტ.: კ ი კ ვ ი ძ ე  ი., ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი  ლ., ადრეფეოდალური ხანის სამაროვანი ბეთანიასთან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 B.

ლ. ჭილაშვილი