ბეთლევი

ბეთლევი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის თემში (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ველეულის ხოტეურის მარჯვ. შენაკადი (რიონის აუზი) ნაპირას. ზ. დ. 1160 მ, ამბროლაურიდან 20 კმ. 37 მცხ. (2014).

სოფლის სასაფლაოზე იდგა XV ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქვითკირით ნაგები ბ-ის ღვთისმშობლის ეკლესია. გარედან შელესილი იყო თეთრად, შიგნით კედლები, კამარა და კონქი მთლიანად იყო დაფარული ფრესკული მხატვრობით. საეკლ. სიუჟეტების გარდა წარმოდგენილი იყო საერო პირთა გამოსახულებანი, მ. შ. ეკლესიის მაშენებლის იაშვილისა. ასომთავრულ წარწერაში აღნიშნული იყო ეკლესიის მოხატვისა და აგების თარიღი – 1493. ეკლესია დაინგრა 1991 მიწისძვრის დროს.

ლიტ.: ბოჭორიძე გ., რაჭის ისტორიული ძეგლები, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1933, ტ. 7; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ., თბ., 1963.

მ. დვალი