ბეთლემი, 1. სახარების მიხედვით, ქრისტეს დაბადების ადგილი სამხრ. პალესტინაში; 2. ბერების სამყოფელი, გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის მუნიციპ.), მყინვარწვერის მასივზე, მწვერვალიდან სამხრ.-აღმ-კენ განშტოებულ ბეთლემის ქედზე (გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზთა გამყოფი). ზ. დ. დაახლ. 4100 მ. ბ. გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე). თქმულების თანამხად, რ-იც წერილობით პირველად ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქაართველოსა“ არის ფიქსირებული, ბ-ის გამოქვაბულში დაცულია ძველი და ახალი აღთქმის რელიგიების ფუძემდებლური სიმბოლური ნივთები: „...მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს ჯაჭვი რკინისა, გადმოკიდებული ქუაბიდან, და მით აღვლენ, იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომსა უსუეტოდ, უსახლოდ, და სხუათაცა საკვირველთა. არამედ მე ვდუმებ...“. სხვათა გადმოცემით, ამ ნივთებს ემატება ციური მანანა და ის ძღვენი (ოქრო, გუნდრუკი და მური), რ-იც ახლადშობილ მაცხოვარს მიართვეს მოგვებმა. ხევსურული ანდრეზით, „ბეთლემის სახლი“ ჯვართა ანუ ღვთისშვილთა სამყოფელია, სადაც ისინი მტრედების სახით არიან; აქვეა ოქროს აკვანი ყრმით, რ-საც მტრედები კვებავენ ხორბლის მარცვლებით. იგივე ანდრეზი ხევსურეთის მთავარ სალოცავს – გუდანის ჯვარს „ბეთლემის სახლიდან“ წარმომავლად თვლის. როგორც კვრივი, საკრალური ადგილი, ბ. მიუწვდომელია უბრალო მოკვდავთათვის. თქმულება ასახელებს ერთადერთ წმინდა ბერს, რ-საც თავისი სიწმინდის ჯილდოდ წილად რგებია ბ-ის საიდუმლოთა ხილვა, ოღონდ გამხელა მისი აკრძალული ჰქონია. ხევსურული თქმულებით, ეს არის გუდანის ჯვრის მკადრე – გახუა მეგრელაური. ბ-ის გარშემო არსებული თქმულებებით არის შთაგონებული ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“ (1883).
1948 ბ. გამოიკვლია ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გამოკიდებული იყო 5,5 მ სიგრძის რკინის ჯაჭვი, რ-ის ბოლო საკმაოდ ძნელად მისასვლელ კლდის შვეულ მონაკვეთზე ეკიდა. სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს მაღალი კლდე, რ-ის ოთხივე მხარეს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება. კომპლექსი ნაგებია ნაშალი ქანებისა და სანახევროდ დამუშავებული ქვის მშრალი წყობით. გადახურვისათვის გამოყენებულია დიდი ზომის ქვის ფილები, რ-ებიც როგორც ჩანს, საკმაოდ შორიდან მოუზიდავთ. ერთ-ერთ, გეგმით კვადრატულ აფსიდიან შენობაში შემორჩენილია დიდი ზომის ქვის გატეხილი ჯვარი. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბ-ის კარი, ჯაჭვი, X–XI სს. ვერცხლის ხატი, სპილენძის შანდალი, საეკლ. ინვენტარი, მონეტები. ბ-ის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X–XI სს-ით თარიღდება.
ლიტ.: [ი ო ა ნ ე ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი], კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948 კ ი კ ნ ა ძ ე ზ., ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა, თბ., 1985; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ყ ა ზ ბ ე გ ი ს., ყაზბეგის მთა, «ივერია», 1895, № 197; Б а к р а д з е Д., Кавказ в древних памятниках христианства, «Акты, собраные Кавказской археолографической комисеией», 1875, т. 5, т. 6, ч. 2; Д ж а п а р и д з е А. Б., Тайних пещеры Бетлеми, კრ.: Побежденные вершины, М., 1948.
ზ. კიკნაძე