ბეთქილ, ბეთქენ, მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი. სახელი კნინობითი ფორმისაა, მისი ეტიმოლოგია უცნობია; შემონახულია ნადირობის დროს დაღუპულ მონადირესთან დაკავშირებული სიუჟეტის ფოლკლორულ ძეგლებში. ბ., როგორც მამაკაცის სახელი, არ დასტურდება, რაც მის რიტუალურ ხასიათზე მიგვანიშნებს.
დაღუპული მონადირის სიუჟეტი ზოგადქართულია, ბ-ისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ნიმუშები საქართვ. ყველა კუთხეში დასტურდება. სვანეთში ეს პერსონაჟი ყველაზე არქაული სახით გვხვდება: ბ. რჩეულია ქალღვთაება დალისა, რ-იც მონადირეს მის დამღუპველ თეთრ ირემს (ჯიხვს, შუნს) მიუგზავნის. ზოგიერთი ვარიანტის მიხედვით, ირემი სახეშეცვლილი დალია. ბ-თან დაკავშირებული სიუჟეტები გავრცელებულია ლექს-სიმღერებისა და თქმულებების სახითაც. სვანეთში ბ-ის დატირება ინდივიდუალურად და გუნდის თანხლებითაც სრულდება, ე. წ. „სამი ჭიშხაშის“ – „წმინდა ფერხულის“ დროს, რაც უკავშირდება აღბალიღრალის ანუ მურყვამობის – საგაზაფხულო ნაყოფიერების დღესასწაულს.
ლიტ.: ვ ი რ ს ა ლ ა ძ ე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964; ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები, ტ. 4 – ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, [ნაწ.] 1, თბ., 1974.
ფ. ზანდუკელი