ბეკეტოვი ანდრია ნიკოლოზის ძე [26. XI (8. XII). 1825, ნოვაია-ბეკეტოვკა, – 1 (14). VII. 1902, მოსკ. გარეუბანი], რუსი ბოტანიკოსი.
1849 დაამთავრა ყაზანის უნ-ტი. 1849–54 თბილ. ერთ-ერთ გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.
საქართვ. ბუნების მეცნ. კვლევის მიზნით იმოგზაურა ქართლში, კახეთსა და გურიაში. საგანგებოდ შეისწავლა და აღწერა თბილ. მიდამოების ფლორა, რასაც მიუძღვნა ნაშრომი „ნარკვევი თბილისის ფლორაზე მისი წარმომადგენლის ბაიასებრთა ოჯახის აღწერითურთ“ (1853). მეორე ნაშრომში „მოგონებანი თბილისსა და თბილისის მიდამოებზე“ (1855) აღწერა კოჯრის, მანგლისის, კახეთისა და სხვა ადგილების ბუნება და ნაწილობრივ მოსახლეობა.
1863–97 პეტერბ. უნ-ტის პროფესორია, 1895-იდან – პეტერბ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი. შეისწავლა მცენარეთა მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოების აგებულების კანონზომიერებანი, ყვავილთა სიმახინჯის მიზეზები. დარვინისაგან დამოუკიდებლად ახსნა ორგ. ფორმების მიზანშეწონილი აგებულება. ეკუთვნის პირველი ორიგინ. სახელმძღვანელო „მცენარეთა გეოგრაფია“ (1896).
მ. სახოკია