ბელაქნელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (6. XII. 1897, ქუთაისი, – 17. VII. 1978, თბილისი), მომღერალი (ტენორი) და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1951).
1930 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). ბ-ის დებიუტი შედგა 1930 თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე (ნიკო – მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“). მოღვაწეობდა ბაქოში (1934–35), ლენინგრ. „პერედვიჟნიკების“ საოპერო თეატრში (1935–36), ხაბაროვსკის (1936–38), ლუგანსკისა და დნეპროპეტროვსკის საოპერო თეატრებში (1938–39). 1939–59 გამოდიოდა თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე და მაღალი ოსტატობით ასრულებდა დრამ. ტენორის მთავარ პარტიებს–აბესალომი, რატი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „ლატავრა“), ლექსო (გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“), გელა (ი. ტუსკიას „სამშობლო“), გურამი (ვ. გოკიელის „პატარა კახი“), ტარიელი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), ონისე (შ. აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“), ოტელო, მანრიკო, რადამესი (ჯ. ვერდის „ოტელო“, „ტრუბადური“, „აიდა“), რაული (ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები“), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), გრიგორი მელიხოვი (ი. ძერჟინსკის „წყნარი დონი“). 1960–64 საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი იყო, გამოდიოდა კამერული რეპერტუარით. კონცერტებს მართავდა ყოფ. სსრკ მრავალ ქალაქში. 1964–78 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. მ. ბალანჩივაძის სახ. მე-3 სამუსიკო სასწავლებელში.
მ. გედევანიშვილი