ბელემნიტები

ბელემნიტები (Belemnitida), შიდანიჟარიანი, მტაცებელი თავფეხიანი მოლუსკების ამომწყდარი რიგი. ცხოვრობდნენ კარბონული დროიდან პალეოგენურამდე. გარეგნულად კალმარებს ემსგავსებოდნენ. თითქმის ყველგან იყვნენ გავრცელებული. ბინადრობდნენ ზღვაში, კარგად ცურავდნენ. ახასიათებდათ სწრაფი ევოლუცია, ამიტომაც მიჩნეული არიან სახელმძღვნელო ნამარხებად, განსაკუთრებით იურული და ცარცული ნალექებისათვის.

საქართველოში ბ. ბევრია ქვედა იურულ ნალექებში, შედარებით ნაკლები – შუა და ზედა იურულში, განსაკუთრებით მრავლად არიან ცარცულში.

გ. მჭედლიძე