ბელი ანდრეი

ბელი ანდრეი (ნამდვ. სახელი და გვარი ბორის ნიკოლოზის ძე ბუგაევი) [14 (26). X. 1880, მოსკოვი, - 8. I. 1934, იქვე], რუსი მწერალი. რუს სიმბოლიზმის თვალსაჩინო თეორეტიკოსი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო ლექსებით (1901); პირველი პოეტური კრებული გამოაქვეყნა 1904. იყო უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედ-ნოვატორი; მისი ლიტ. მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია: ლექსები, რიტმული პროზით დაწერილი „სიმფონიები“, რომანები, მოთხრობები, მემუარები, თეორ. ნაშრომები, ლიტ. წერილები და სხვ. ბევრს მოგზაურობდა, 1912–16 საზღვარგარეთ გაატარა.

როგორც თვითონ აღნიშნავს, საქართველო ბავშვობიდანვე იზიდავდა. მისი პაპა სამხედრო ექიმი იყო და ოდესღაც საქართველოში მსახურობდა; მამა კი, შემდგომში ცნობილი მათემატიკოსი, დუშეთში დაიბადა და ბავშვობაც იქ გაატარა. კოლხეთისადმი ინტერესის გამოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ბ-ს მიერ სიჭაბუკის ჟამს ჩამოყალიბებული ლიტ. წრე „არგონავტები“ და ამავე სახელწოდების ლექსი. საქართველოს ბ. პირველად 1927 გაზაფხულზე ეწვია; 1928 მოსკოვში გამოსცა „ქარი კავკასიიდან“ – საქართველოში მოგზაურობის დღიურებზე დაფუძნებული მემუარების წიგნი (1927, აპრილ-ივლისი. მარშრუტი: ციხისძირი, ბათუმი, მწვანე კონცხი, ბორჯომის ხეობა, თბილისი, მცხეთა, საქართველოს სამხედრო გზა, ყაზბეგი...). წიგნში აღწერილია საქართვ. ბუნება, შეხვედრები ქართვ. მწერლებთან (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, გ. ლეონიძე, პ. ინგოროყვა და სხვ.), მათი ერთობლივი მოგზაურობა ყაზბეგში; გადმოცემულია თბილისის შემოქმედებითი ატმოსფერო, ყოფითი რეალიები და ა. შ. 1929 ბ. კვლავ ესტუმრა საქართველოს (გარდა თბილისისა, იყო კოჯორში, საჩხერეში, სოხუმში და სხვ.).

თხზ.: 1964; ანდრეი ბელი საქართველოში (ნაწყვეტები პირადი წერილებიდან), «ცისარტყელა», 1968, № 1.

ლიტ.: გ ა წ ე რ ე ლ ი ა  ა., რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., 1962; ტ ა ბ ი ძ ე  ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966; Р о б а к и д з е  Г., Андрей Белый, «Литературная Грузия», 1988, № 2.

ლ. ავალიანი