ბელიაშვილი აკაკი იოანეს ძე

ა. ბელიაშვილი

ბელიაშვილი აკაკი იოანეს ძე [11 (24). IV. 1903, სოფ. ქორეთი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი – 14. XII. 1961, თბილისი], მწერალი.

დაამთავრა ქუთ. ქართ. გიმნაზია და 1921 სწავლა განაგრძო თბილ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტზე. გიმნაზიაში სწავლის დროს ხელნაწერ ჟურნალებში ათავსებდა პატარა მოთხრობებს, მინიატიურებსა და პიესებს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტ. დაჯგუფების აქტ. წევრი იყო. ამ წლებში ოჯახურ გარემოებათა გამო ბ. ინ-ტიდან გამოვიდა და მარკშაიდერის სპეციალობით მუშაობდა სამთამადნო წარმოებაში; ბევრს მოგზაურობდა, გატაცებული იყო ალპინიზმით. ჟურნ. „მნათობის“ დაარსებისთანავე მისი აქტ. თანამშრომელი გახდა და 1925 აქვე გამოაქვეყნა პირველი სათავგადასავლო რომანი „ცხრა ცენტრი“. 30-იანი წლებიდან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და ნოველები (კრებულები 1933, 1935, 1937, მ. შ. ალპინისტებისადმი მიძღვნილი ვრცელი მოთხრ. „ახალგაზრდები“, 1937).

განსაკუთრებით გახმიანდა ბ-ის პირველი ფართო მხატვრული ტილო, ისტ. რომანი „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“ (1945 – 48), რ-ის თემად მწერალმა აირჩია ჩვენი ხალხის ისტ. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპოქის, XVIII ს. II ნახ. ცხოვრება; მასში წარმოჩენილია როგორც ისტ. პიროვნებათა (ერეკლე II, ბესიკი, ლევანი, ანა, დავით ორბელიანი და სხვ.), ისე შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილ სახეთა მდიდარი გალერეა. არსებითად ამ ვრცელი ისტ. პანორამის, ტრილოგიად ჩაფიქრებული ნაწარმოების გაგრძელებაა რომანი „ოქროს ჩარდახი“ (წიგნი I, 1952),სადაც ნათლადაა ასახული იმერეთის სამეფოს პოლიტ. მდგომარეობა და ყოფა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, გარდა მრავალი მოთხრობისა და ნოველისა, საზღვარგარეთ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე შექმნილი ნარკვევებისა, მან დაწერა სამი რომანი: „უღელტეხილი“ (1956), „ვეფხია ხალიბაური“ (1956 – 60), რ-იც მისი ადრე დაწყებული რომანის „რუსთავის“ გადამუშავებელი ვარიანტია და პირველი ქართ. მეფოლადეების ცხოვრებას გვაცნობს, და „შვიდკაცა“ (1960), რ-ის ცალკე წიგნად გამოცემა არ დასცალდა.

ბ. წლების მანძილზე განაგებდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყ-ბას, თავად წერდა სცენარებს, რ-თა მიხედვით გადაიღეს რამდენიმე ფილმი („კავკასიელი ყაჩაღი“, 1930, რეჟ. მ. გელოვანი; „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954, რეჟ. ნ. სანიშვილი და სხვ.).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაიღუპა საავტ. კატასტროფაში.

თხზ.: თხზულებანი ექვს ტომად, თბ., 1963–73.

ლიტ.: ჟ ღ ე ნ ტ ი  ბ., მწერლობა და თანამედროვეობა, წგ. 1, თბ., 1976; სანადირაძე ა., ავტორები და წიგნები, თბ., 1975; ჯ ი ბ უ ტ ი  ვ., თანამედროვენი, თბ., 1969.

გ. გვერდწითელი