ბელინსკი ბესარიონ გრიგოლის ძე

ბელინსკი ბესარიონ გრიგოლის ძე [30. V (11. VI). 1811, სვეაბორგი, - 26. V (7. VI). 1848, პეტერბურგი], რუსი ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რევ.-დემოკრატი, მატერიალისტური ესთეტიკისა და კრიტიკის ფუძემდებელი რუს. ლიტ-რაში.

ბ-მ პირველმა აღნიშნა საქართვ., კავკ. როლი და მნიშვნელობა რუს. მწერლობისათვის: „საოცარია, – წერდა იგი, – კავკასიას თითქოს წილად ხვდა ყოფილიყო ჩვენი პოეტური ტალანტების აკვანი, მათი მუზების შთამაგონებელი და გამწვრთნელი, მათი პოეტური სამშობლო“ (რჩ. თხზ., ტ. 1, 1952, გვ. 351). ბ-მ ბრწყინვალედ გააანალიზა პუშკინის, ლერმონტოვის და სხვა რუსი მწერლების კავკასიისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები.

ბ. საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა. მისი გავლენა ი. ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა თუ თანამედროვეთა (ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, ა. ფურცელაძე, ს. მგალობლიშვილი, გ. მაიაშვილი, ხომლელი და სხვ.) შემოქმედების პირველ პერიოდში იგრძნობა. ი. ჭავჭავაძის პირველივე კრიტ. სტატია („ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილი“-ს თარგმანზედა“, 1861) დაწერილია ბ-ს აზრების გავლენით. ი. ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეში“ (1863) გამოქვეყნებული მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა ბ-ს საზ.-ლიტ. შეხედულებების პროპაგანდას. მის სამ ნომერში (1863, № 5, 6, 7) ჩიტორელიძის ფსევდონიმით დაბეჭდილ ილიას წერილების სერიაში „სფირიდონისა და თადეოზის ბაასი“ ხშირად უცვლელადაა მოტანილი ადგილები ბ-ს თხზულებებიდან სალიტ. ენის შესახებ, ხოლო ამავე ჟურნალის ორ (№ 9 და № 10) ნომერში ღაღანიძის ფსევდონიმით ილიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი „ბელინსკის აზრი შვილების აღზრდაზე“. ილია განსაკუთრებით ხშირად მიმართავდა და შემოქმედებითად იყენებდა ბ-ს მემკვიდრეობას რეალიზმისა და ხალხურობის პრინციპების დასანერგად ქართ. ლიტ-რაში.

თხზ.: რჩ. ფილოსოფიური თხზულებანი, თბ., 1948; რჩ. თხზ., ტ. 1–2, თბ., 1952–57.

ლიტ.: ბ ი წ ა ძ ე  შ., ბელინსკის ეთიკური შეხედულებანი, თბ., 1962; ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი  მ., ბელინსკი როგორც პუბლიცისტი და მისი კვალი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, «თსუ შრომები», 1952, ტ. 47; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ილია ჭავჭავაძე ბელინსკის მთარგმნელი, კრ.: ქართული ჟურნალისტიკა, ტ. 4, თბ., 1982; შ ა დ უ რ ი  ვ., ბესარიონ ბელინსკი, თბ., 1948.

ვ. შადური