ბელოუსოვი ვლადიმერ ვლადიმერის ძე

ბელოუსოვი ვლადიმერ ვლადიმერის ძე [17 (30). X. 1907, მოსკოვი, – 25. XII. 1990, იქვე], რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1953).

1930 დაამთავრა მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის ნიადაგურ-გეოლ. განყ-ბა. სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოლ. რუკის ინ-ტში, აირების საბადოების ბიუროში, ცენტრ. გეოლ.-საძიებო ინ-ტში, სსრკ (ახლანდ. რუს.) მეცნ. აკად. რადიუმის ინ-ტში, აკად. ო. შმიტდის სახ. დედამიწის ფიზ. ინ-ტში.

ბ-ის შრომები ძირითადად ეხება ტექტონ., ტექტონოფიზ. და გეოფიზ. ზოგად საკითხებს. მის სამეცნ. მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კავკ., საკუთრივ საქართველოს კვლევას. ამ ციკლის შრომებში შესწავლილია კავკასიონის, სამხრ.-აღმ. საქართველოს და თრიალეთის ქედის გეოლ. აგებულება. კავკ. და სხვა რეგიონების კვლევისას დაამუშავა დედამიწის ქერქის რხევითი მოძრაობების ისტ. შესწავლის ახ. მეთოდები. ბ-მა გამოყო დანაოჭების რამდენიმე ტიპი და დაამუშავა დედამიწის ქერქის განვითარების კონცეფცია, რ-იც ეფუძნება წარმოდგენას დედამიწის ქერქის ვერტ. მოძრაობების პირველადობის შესახებ. იყო საერთაშ. გეოფიზ. წლის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1955–58), საერთაშ. გეოფიზ. კომიტეტის (1959–63), საერთაშ. გეოდ. და გეოფიზ. კავშირის (1960–63) და „ზედა მანტიის პროექტის“ კომიტეტის (1960–70) პრეზიდენტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Большой Кавказ, Опыт геотектонического исследования, ч. 1–3, Л.–М., 1938–40; Структура и геотектоническое развитие Северной Армении и Южной Грузии, «Советская геология», 1948, об 36 (თანაავტ. М. В. Гэовский); Краткий обзор сейомичности Кавказа в сопоставлении с его тектоническим строением, «Известия АН СССР». Серия геофизическая, 1952, № 5 (თანაავტ.: И. В. Кириллова, А. А. Сорский); Складчатость Триалетского хребта (Морфология, история, механизм образования), წგ.: Складчатые деформации земной коры, их типы и механизм образования, М., 1962.

ვ. ჯავრიშვილი