ბენედიქტე XIV

ბენედიქტე XIV (Benedictus), ერისკაცობაში – პროსპერო ლამბერტინი (31. III. 1675, ბოლონია, – 3. V. 1758, რომი), რომის პაპი 1740–58. იყო განსწავლული პიროვნება. მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას.

ბ. XIV-თან მიმოწერა ჰქონდათ ქართვ. კათოლიკეებს. ცნობილია ივანე (იოანე) და ვახტანგ ორბელიანების წერილი ბ. XIV-ისა და კარდინალების სახელზე 1741 წ. 15 სექტ-ით დათარიღებული, რ-იც რომში ჩაუტანია ქართვ. კათოლიკეს, თბილელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს. ცნობილია კარდინალის მიერ დაწერილი პაპის საპასუხო წერილიც. რომის პაპს წერილობით მიმართეს აგრეთვე კათოლიკეებმა ნიკოლოზ ხერხეულიძემ, ამილახვარმა, რ-ებიც ამცნობდნენ, რომ სპარსელებისაგან შევიწროებული ქართველობა ვეღარ ახერხებდა კაპუცინების (კათოლ. მონაზვნური ორდენის წევრები) დაცვას სომხებისაგან, რ-ებიც, სპარსელების მხარდაჭერით გათამამებულნი, კაპუცინებს არბევდნენ და თბილისიდან აძევებდნენ. ქართველები სთხოვდნენ პაპს, რომ სომხების მტრობის გამო საქართველოდან არ წაეყვანათ კაპუცინები და ქართვ. კათოლიკეები არ დაეტოვებინათ უმწყემსოდ.