„ბეჟანიანი“, ფოლკლორის პოპულარული ძეგლი, თქმულება ბეჟანისა და მანიჟეს შესახებ; მას საფუძვლად დაედო „შაჰნამეს“ ქართ. ვერსიის „როსტომიანის“ ერთ-ერთი ეპიზოდი. „ბ-ის“ ზეპირი გავრცელება ივარაუდება XVII ს-იდან. პირველი ჩანაწერი (პ. უმიკაშვილისა) 1864-ით თარიღდება. თქმულების გამომცემლებმა (პირველად დაიბეჭდა ფშაური და სვანური ვარიანტები 1887 „ივერიაში“, შემდეგ – ქართლური, მეგრული და სხვ.–1889, 1890. 1914 და ა. შ.) ხელი შეუწყვეს მის პოპულარიზაციას. „ბ.“ გავრცელებულია პროზაული და ლექსნარევი ტექსტების სახით. მასში შეიცნობა ქართ. ხალხ. საგმირო და საზღაპრო ეპოსის მოტივები და ეპიზოდები, განსაკუთრებით – „ამირანიანის“ კვალი.
ლიტ.: მ ა ც ა ბ ე რ ი ძ ე ვ., „ბეჟანიანის“ ხალხური ვერსიები, კრ.: ქართული ფოლკლორი, [ტ.] 2, თბ., 1964; შ ა ნ ი ძ ე ა., შაჰნამეს ერთი ეპიზოდი ქართულ ფოლკლორში, კრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, თბ., 1935.
ფ. ზანდუკელი