ბაგრატ IV (1018 ან 1020 – 24. XI. 1072), საქართველოს მეფე 1027–1072, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. 1022–25 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბ. IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტ. და თურქი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბ. IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრ. საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს, მათ საქართველოში გამოაგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანუჯელის ძე), რ-იც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტ. ასპარეზზე გამოყვანით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა. მწარმოებელი საზ-ბის ერთი ნაწილი, რ-იც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახ. მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე VIII გარდაიცვალა და ბიზანტიელებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს.
ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმ-ში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/30 ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპ. რომანოზ III-მ ბ. IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატის პატივი. ეს ნათესაური და პოლიტ. კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში. ბ. IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახ. შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბ. IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული (გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის შვილი), რ-იც ანაკოფიაში (აფხაზეთში) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დამთავრდა. დედა-შვილმა 1032 ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცა. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა.
XI ს. 30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის. 1032 კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს, მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისს ლიპარიტი დაეუფლებოდა, ბ. IV-მ ამირა გაათავისუფლა. 1038/40 ბ. IV-მ წარმატებით შეუტია თბილისს, ამირა ჯაფარი უკვე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში სელჩუკიანი თურქების შემოჭრის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ბ. IV ამირას დაუზავდა. ეს იქცა საბაბად ლიპარიტსა და ბ. IV-ს შორის განხეთქილებისა და ბრძოლისა, რ-მაც თითქმის ორი ათეული წელი გასტანა (იხ. ლიპარიტ IV).
1045 ბიზანტიელთა აგრესიით შეწუხებულმა ანისის თავკაცებმა ქალაქი ბ. IV-ს გადასცეს (ბ. IV-ის დედა მარიამი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო). ბ. IV-მ და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბ. IV-მ ბიზანტიასთან დაიწყო ბრძოლა ანაკოფიის დასაბრუნებლად და ხუფათის (ახლანდ. ქ. ხოფა, თურქეთი) შემოსაერთებლად. ამ ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში ბ. IV-ს თბილისის გამგებლის (თბილელი ბერების) დელეგაციამ ქალაქის ჩაბარების წინადადებით მიმართა. ბ. IV-მ ანაკოფიისა და ხუფათისთავის ბრძოლის მეთაურობა თავის სარდლებს ჩააბარა, თვითონ სწრაფად ქართლში გადმოვიდა, თბილისში შევიდა და ქალაქში თავისი მოხელეები განაწესა. მეფეს წინააღმდეგობა გაუწია თბილისის გარეუბანმა ისანმა, რ-ის აღება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. 1046 ლიპარიტმა მოიშველია ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეტის სომეხთა მეფეს და ქართლში შემოიჭრა. მას თან მოჰყავდა დემეტრე გიორგის ძე. ბ. IV იძულებული გახდა თბილისისათვის თავი დაენებებინა და მტერს ჯავახეთში შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. ლიპარიტმა ხელთ იგდო არტანუჯის ციხე. ბ. IV დას. საქართველოში გაიხიზნა. სელჩუკიანი თურქების მიერ ლიპარიტის დატყვევების (1048) შემდეგ ბ. IV კვლავ გაძლიერდა, აიღო უფლისციხე, შეიპყრო ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რ-თაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე მძევლად დაიტოვა. თბილელმა ბერებმა ბ. IV-ს კვლავ გადასცეს თბილისი, მაგრამ 1051, როცა ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა ლაშქრით ისევ განაახლა ბრძოლა ბ. IV-ის წინააღმდეგ, თბილისის შემოერთების ეს ცდაც ჩაიშალა. ლიპარიტი თითქმის მთელ აღმ. საქართველოში გაბატონდა. ბ. IV-მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი ქუთაისში დას. საქართველოს მეფედ დატოვა, თვითონ კონსტანტინოპოლში წავიდა (1052) და იმპერატორს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. იმპერატორმა ლიპარიტის მცდელობით ბ. IV 3 წელიწადს თავისთან გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში საქართვ. ფაქტობრივი გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გიორგი ბაგრატის ძე იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა და თავი მის გამზრდელად გამოაცხადა. ბოლოს იმპერატორის შუამდგომლობით ბ. IV და ლიპარიტი დაზავდნენ. 1056 ბ. IV სამშობლოში დაბრუნდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარეს. ბ. IV-მ იგი ბერად შეაყენა, ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ამ დროიდან მან განიმტკიცა ხელისუფლება, კახეთ-ჰერეთის უდიდესი ნაწილი ხელთ იგდო და თავისი მოწინააღმდეგე დიდგვარიან აბაზასძეთა დამარცხებაც შეძლო.
XI ს. 60-იანი წწ. დასაწყისში სელჩუკიანი თურქების აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან დაახლოების გზას დასდგომოდა. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები ბ. IV-საც ამისკენ უბიძგებდა. სულთან ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის (იხ. ალფ-არსლანის ლაშქრობანი საქართველოში) შემდეგ ბ. IV-მ თავისი ასული მართა (მარიამი) 1065 იმპ. კონსტანტინე X დუკას (1059–67) შვილს მიხეილს მიათხოვა. გაძლიერებულმა ბ. IV-მ ტაშირ-ძორაგეტის მეფეს სამშვილდე დაატოვებინა და 1067–68 დაიწყო ბრძოლა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს და კახეთის შემოერთების ეს ცდა მარცხით დამთავრდა. სულთანმა მიზანს მაინც ვერ მიაღწია – ბ. IV-მ უარი განაცხადა სულთნის მოხარკეობაზე. სულთანი საქართველოს გაეცალა, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის ამირა ფადლონს გადასცა. ბ. IV-მ სასტიკად დაამარცხა ქართლში შემოსული ფადლონი, აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა ამირათა შთამომავალს რ-საც დააკისრა ყოველწლიური ხარკი 44 ათასი დრაჰკანი. ამრიგად, თბილ. ამირა საქართვ. მეფის ვასალი გახდა. ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ბ. IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. უფლისწულ გიორგის მეთაურობით ქართველ ოსთა ლაშქარმა განძა მოარბია.
ბ. IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვაროვან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილ. საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბ. IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს. მისი მოწვევით 1060 – 65 საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმიდელი, რ-მაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა. არსებობს მოსაზრება, რომ ბ. IV-ს ეკუთვნის კანონები, რ-ებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბ. IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაასაფლავეს ჭყონდიდში. მისი ერთადერთი დაზიანებული ფრესკა შემორჩენილია ატენის სიონში.
წყარო: გიორგი კედრენე, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27).
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.2).
ვ. გუჩუა