ბაგრატ V (გ. 1393), საქართველოს მეფე 1360–93, დავით IX-ის ძე. ქართული საისტორიო მწერლობა ბ. V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსი მიქელ პანარეტოსი, რ-იც პირადად იცნობდა ბ. V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხ. მწერლობაშიც ბ. V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ თუმცა საქართველო ეკონომიკურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბ. V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრ.-დას. საზღვარი (ტრაპიზონის სამეფოსთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა. მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბ. V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბ. V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი.
ბ. V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რ-ისგანაც მეფეს ორი ძე – გიორგი და კონსტანტინე – ჰყავდა. 1367 ივნისში ბ. V დაქორწინდა ტრაპიზონის მეფის იოანე-ალექსი III-ის ასულ ანაზე, რ-ისგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. ბ. V-ის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1386 დიდძალი ლაშქრით შემოიჭრა თემურლენგი და, მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, აიღო თბილისი (იხ. თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში). მტერმა დაატყვევა ბ. V, მისი მეუღლე ანა და შვილი დავითი. თემურმა ბ. V-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბ. V დიდხანს უარზე იყო, ბოლოს დათანხმდა, რათა ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას ჩასდგომოდა სათავეში. თემურლენგმა იგი 12000-იანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბ. V-მ ამის შესახებ საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რ-მაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა. ბ. V მტრის მორიგი თავდასხმისათვის მოემზადა, და როდესაც 1387 გაზაფხულზე თემურლენგი მეორედ შემოესია საქართველოს, მან და გიორგიმ მოსახლეობა გახიზნეს და მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. თემურლენგმა მაინც მოახერხა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ თოხთამიშის გამოჩენის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლებისა, კ. კუციას გამოც., თბ., 1987; პანარეტოსი მ., ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა ..., წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
ლიტ.: კ ა ც ი ტ ა ძ ე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ტ ა ბ ა ტ ა ძ ე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.3).
ვ. გუჩუა