ბაგრატ VI, იმერეთში ბაგრატ II (დაახლ. 1439–1478), იმერეთის მეფე 1463–66, ქართლ-იმერეთის მეფე 1466–78. ბაგრატიონთა იმერეთის შტოს ფუძემდებელი, ალექსანდრე I დიდის ძმის გიორგის ძე.
XV ს. შუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო 1462 საქართვ. მეფემ გიორგი VIII-მ ქუთაისი ჩამოართვა. ბ. VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში მეფე გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ათაბაგმა დაატყვევა; ბ. VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 უზუნ-ჰასანის მეთაურობით საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა (იხ. უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში). ბ. VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა. მალე უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე (1478) მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბ. VI-ც გარდაიცვალა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
ქ. ჩხატარაიშვილი