ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1776, თბილისი, – 1841, პეტერბურგი), ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე.
1803 ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: „ახალი მოთხრობა“, „რუსეთ-სპარსეთის ომი...“ პირველი წარმოადგენს ბ. ბ-ის ძმის დავით ბატონიშვილის თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს XVIII ს. შუა წლებიდან XIX ს. 40-იან წლებამდე. თხზ. გამსჭვალულია უკმაყოფილებით რუსეთის მთავრობის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო.
ბ. ბ-ს ეკუთვნის აგრეთვე ვეტ. და ეკონ. ხასიათის შრომები. მისი ვეტ. შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა“, რ-იც გამოიცა 1818 პეტერბურგში და წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ვეტერინარიაში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი, რ-იც ფაქტობრივად ვეტ. რეცეპტურაა.
თხზ.: ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.
შ. ხანთაძე
კ. კაპანაძე