ბაგრატიონები

ბაგრატიონები, სამეფო დინასტია საქართველოში (IX ს. – 1810). მკვლევართა უმეტესობის აზრით, წარმოშობით ძველი ქართული პროვინციის – სპერის მკვიდრნი იყვნენ ჭან-ლაზთა ტომიდან (ნ. მარი, ი. ორბელი, ე. თაყაიშვილი, ს. ჯანაშია...), მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს ქართლის მეფეთა ფარნავაზიანთა დინასტიის განშტოებად (პ. ინგოროყვა, გ. მამულია...). სომეხ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ბ. იყვნენ სომხეთის რომელიმე პროვინციიდან (ნ. ადონცი, კ. თუმანოვი) და უკავშირებს სომეხ ბაგრატუნებს, რ-ებიც მეფობდნენ სომხეთში (შირაკში) IX ს. – 1045. მათი მეორე განშტოება (ე. წ. „კვირი კიანები“) განაგებდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს (ქვემო ქართლი, ცენტრი ჯერ სამშვილდე, შემდეგ – ლორე) X ს. ბოლო – 1118.

X–XV სს. ქართულ წყაროებში ეს დინასტია გვხვდება ფორმით „ბაგრატუნიანი“ // „ბაგრატონიანი“, „ბაგრატოვანი“ და „პანკრატოვანი“, XVI–XVIII სს. წყაროებში – „ბაგრატიონი“, ბ-ის გვარი, როგორც ჩანს, წარმოდგება „ბაგრატისგან“. ჰრ. აჭარიანის აზრით, ეს არის სპარს. სიტყვა „ბაგადატა“ – „ღვთის ბოძებული“.

XI ს. ქართული ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის ცნობით, პირველი ქართველი ერისმთავარი გუარამი (VI ს.) ბაგრატიონი იყო. სუმბატისავე ცნობით, ბ. წარმომავლობით ებრაელები იყვნენ. დავით წინასწარმეტყველის შთამომავლის სოლომონის 7 ვაჟი წავიდა სომხეთში, 3 ძმა აქ დარჩა და საფუძველი ჩაუყარა სომეხი ბაგრატუნების გვარს, ხოლო 4 ძმა მოვიდა ქართლში, ერთი მათგანი იყო გუარამი, რ-იც განაჩინეს ქართლის ერისმთავრად. აქედან წარმოიშვნენ ქართლის (შემდეგ საქართველოს) ბ., ორი ძმა გამთავრდა კახეთში, ერთი კი – კამბეჩანში (ქიზიყი). ლეგენდა ბ-თა ებრაული წარმომავლობის შესახებ ჩვეულებრივი გამოვლინებაა შუა საუკუნეების ავტორებისათვის დამახასიათებელი ტენდენციისა – გააუცხოურონ მმართველი დინასტია თუ არისტოკრატიული საგვარეულოები და, ცხადია, არ ასახავს სინამდვილეს. ეს ლეგენდა ძველად გავრცელებული იყო როგორც ქართულ, ისე სომხურ მწერლობაში. ის აისახა აგრეთვე ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) თხზულებაში, რ-ის მიხედვით, იბერიის ბ. საქართველოში დამკვიდრებულან 400 თუ 500 წლის წინ, ე. ი. V ან VI საუკუნეში. ეს თვალსაზრისი ეთანხმება სუმბატ დავითის ძის თარიღს პირველი ქართველი ბ-ის (ქართლის ერისმთავართა) შესახებ (რამდენადაც ერისმთავრობა დაწესდა VI ს-ში). XI ს. მეორე ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობით, ქართლის პირველი ერისმთავარი გუარამი დედის მხრიდან იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, მირდატის დისწული და ამდენად, ქალის ხაზით, დაკავშირებული ფარნავაზიანთა დინასტიასთან. გუარამის საგვარეულო კუთვნილებაზე მამის მხრიდან ჯუანშერი დუმს. ჯუანშერისა და სუმბატ დავითის ძის ცნობების ერთმანეთთან შეთანხმების ცდაა „სწავლულ კაცთა კომისიის“ მიერ გაკეთებული ჩანართი. იქ აღნიშნულია, რომ ქართლის ერისმთავარი გუარამი იყო „დედით ხოსროიანი (ე. ი. ფარნავაზიანი) და მამით ბაგრატოანი“. დაახლოებით ამასვე აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილიც. ბ-ს ქართლის მეფეთა დინასტიასთან აკავშირებს აგრეთვე VII ს. სომეხი ისტორიკოსი ეპისკოპოს სებეოსის ანონიმი. მისი ცნობით, ბ. ფარნავაზიანთა განშტოებას წარმოადგენენ.

ქართლის პირველ ერისმთავართა ბაგრატიონობას უარყოფს ჯუანშერისა და „მატიანე ქართლისას“ ცნობები, რ-თა მიხედვით, პირველი ბაგრატიონი ქართლის ერისმთავრებს შორის იყო აშოტი. ჯუანშერის ცნობით, აშოტის მამა – ადარნასე ბაგრატიონი – მოსულა ქართლში არჩილ ერისმთავართან, რ-საც მიუცია მისთვის სამკვიდრებლად შულავერი და არტანი. შემდგომში ადარნასეს ქალი ლატავრი ცოლად შეურთავს არჩილის ვაჟს ჯუანშერს. ამრიგად, VIII ს-ში ერთმანეთს დანათესავებიან ქართლის ერისმთავართა და ბაგრატიონთა სახლები, რის შემდეგაც ერისმთავრობა გადასულა ბაგრატიონებში. ადარნასეს შვილი აშოტ ბაგრატიონი უკვე ქართლის სახელმწიფოს მეთაურია: „განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა, ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა“ („მატიანე ქართლისა“). ცნობა ადარნასესა და მისი ვაჟის სომხეთიდან ქართლში მოსვლის შესახებ არის XIII ს. სომეხი ისტორიკოსის ვარდან ბარძბერდეცის თხზულებაშიც. გამოთქმულია მოსაზრება (ნ. შოშიაშვილი), რომ ეს ვერსია, როგორცს ჩანს, „ქართლის ცხოვრებასაც“ და ვარდანსაც აღებული აქვთ ერთი საერთო სომხური წყაროდან და არარეალურია: არაბუნებრივი იქნებოდა, რომ სომხეთიდან მოსული კაცისათვის ქართლის ერისმთავრებს სახელმწიფოს მეთაურობა დაეთმოთ. აშოტი და მისი მამა ადარნასე თანადროული ქართული წყაროების ცნობით (იოანე საბანისძე, მოქცევაჲ ქართლისაჲ, გიორგი მერჩულე), არჩილ ერისმთავრის თანამედროვენი კი არ იყვნენ, არამედ VIII ს. მიწურულის ქართლის ერისმთავართა სახლის წარმომადგენელნი. ადარნასე ყოფილა ქართლის ერისმთავარი (იოანე საბანისძე, მოქცევაჲ ქართლისაჲ) და არა სომხეთიდან მოსული. ქართველ და სომეხ ბაგრატიონთა დინასტიების დაკავშირების ტენდენცია გამოვლინდა აგრეთვე ორივე დინასტიის ებრაული წარმომავლობის ვერსიებში (მოსეს ხორენაცი, სუმბატ დავითის ძე, კონსტანტინე პორფიროგენეტი). ცხადია, ეს ლეგენდაც ხელოვნურად არის შექმნილი და მოკლებულია რაიმე რეალურ ღირებულებას. ქართველი და სომეხი ბ-ის გვარების დამთხვევა არ მიუთითებს მაინცდამაინც მათ საერთო წარმომავლობას.

პირველი ქართველი ბაგრატიონი, რ-ის ბაგრატიონობა ეჭვს არ იწვევს, არის აშოტი, რ-იც გვარწოდებით ბაგრატუნიანი მოხსენიებულია X ს. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლში გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. აშოტი დამფუძნებელია ტაო-კლარჯეთის ბ-ის დინასტიისა (იხ. აშოტ I დიდი კურაპალატი). ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს ბ. აშოტ I დიდის გარდაცვალების შემდეგ ორ მთავარ შტოდ – ტაოსა და კლარჯეთის ბ-ად გაიყვნენ. ტაოს ბ-იდან პირველი, ვინც ქართველთა მეფის წოდება მიიღო (888, სხვა მოსაზრებით 897 ან 899), ადარნასე II კურაპალატი იყო. შემდეგში ქართველთა მეფის წოდებას მხოლოდ მისი მემკვიდრეები ატარებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა გაერთ. საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. ბ-ის კლარჯეთის შტო XI ს. დასაწყისში ამოწყდა. საქართველოს ფეოდ. მონარქიამ განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია ბაგრატიონი მეფეების დავით IV აღმაშენებლის, გიორგი III-ისა და თამარის დროს XV ს. II ნახევრიდან (ერთიანი საქართვ. ფეოდ. მონარქიის დაშლის შემდეგ) ბ. ქართლში, კახეთსა და იმერეთში მეფობდნენ. მათგან ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო კონსტანტინე II დემეტრეს ძე, ერთიანი საქართვ. მეფის ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი. მისი შთამომავლები აქ 1658-მდე მეფობდნენ. 1658-იდან ქართლის სამეფო ტახტს დაეუფლნენ ბ-თა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენლები, ბ-თა მუხრანბატონების შტოს საფუძველი ჩაეყარა 1512; მისი ფუძემდებელი იყო ბაგრატ მუხრანბატონი, ქართლის პირველი მეფე ამ შტოდან ვახტანგ V იყო, ხოლო უკანასკნელი – იესე.

კახეთის ბ-ის სამეფო შტოს ფუძემდებელი იყო გაერთ. საქართვ. უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რ-მაც 1466 საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. ბ-ის ამ შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II 1744 ქართლის მეფე გახდა, ხოლო მისი შვილი ერეკლე – კახეთისა. 1762-იდან ერეკლე II გაერთ. ქართლ-კახეთის მეფე იყო. ამ შტოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის გარდაცვალების (1800 წ. 28. XII) შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის იმპერიას შეუერთდა (1801).

ბ-ის იმერეთის სამეფო დინასტიის ფუძემდებელი უნდა იყოს ბაგრატ VI, რ-მაც 1463 თავი გამოაცხადა იმერეთის მეფედ და ჩიხორთან დაამარცხა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, ხოლო გიორგი VIII-ის ყვარყვარე ათაბაგის მიერ დატყვევების შემდეგ (1465) ქართლი დაიკავა. მისი გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გამეფება სცადა მისმა შვილმა ალექსანდრემ, რ-მაც იმერეთის სამეფო ტახტზე საბოლოო დამკვიდრება მხოლოდ 1489-იდან შეძლო (იხ. ალექსანდრე II), იმერეთის ბ. ამ ალექსანდრეს შთამომავლები არიან. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II, რ-მაც ტახტი დაკარგა 1810 იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ.

ბ-ის სამეფო დინასტიიდან წარმოდგა რუსეთში ცნობილი გრუზინსკებისა და იმერეტინსკების გვარები. ბ. თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ რუს. იმპერიაში – მათგან ბევრი ცნობილი მეცნიერი და სამხ. მოღვაწე გამოვიდა.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., საქართველოს ისტორია, თბ., 1948; ბ ი ჭ ი კ ა შ ვ ი ლ ი  ი., ბაგრატიონები, საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია, თბ., 2016. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა  პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლ ო მ ო უ რ ი  თ., სუმბატ დავითის ძისა და გიორგი მერჩულეს ცნობები IX–X სს. ქართველ ბაგრატიონთა შესახებ, კრ.: არილი, ტფ., 1925; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  მ., ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; მ ა მ უ ლ ი ა  გ., ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა, «მნათობი», 1971, № 2; მისივე, „გრიგოლის ცხოვრების“ მთავართა სიის წყარო და მისი პოლიტიკური ტენდენცია, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1973, ტ. 71, № 3; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., ბაგრატიონები, თბ., 1993; სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27); ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., კონსტანტინე პორფიროგენტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, «თსუ შრომები», 1941, ტ. 18; А д о н ц  А., Армения в эпоху Юстиниана, СПб., 1908; M a r q u a r t  J., Osteuropäische und ostasiatische Streifzüge, Lpz., 1903; T a q a i s h v i l i  E., Georgian chronology and the beginning of Bagratid rule in Georgia, «Georgica», 1935, v. 1, № 1; T o u m a n o f f  C., The Bagratids of Iberia from the eighth to the eleventh century, «Lemuséon», 1961, t. 74, № 1–2; მისივე, Studies in Christian Caucasian history, Wash., 1963.

ვ. გუჩუა

ნ. შოშიაშვილი